შეხვედრა კრემლში

პუტინსა და ობამას ადმინისტრაციის სპეციალურ ემისარს შორის შეხვედრა გაიმართა
რუსეთის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინსა და ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს შორის „დადებითი ხასიათის“ შეხვედრა გაიმართა.

საგარეო პოლიტიკის მრჩეველი იური უშაკოვის თქმით, პუტინმა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ტომას დონილონთან ისაუბრა ვაჭრობაზე, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე და ბირთვული არსენალის შემცირების თემაზე.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეხვედრაზე გამოიკვეთა დამოკიდებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი მზადაა გვერდზე გადადოს უკმაყოფილება, რომელიც დეკემბერში ამერიკის კონგრესის მიერ მაგნიტსკის აქტის მიღებამ გამოიწვია. ეს კანონი შავი სიის შექმნას ითვალისწინებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ადამიანის უფლებების დარღვევაში ედებათ ბრალი და ამერიკაში შესასვლელად ვიზა არ მიეცემათ.

დმიტრი სუსლოვი, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების პროფესორი მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, აცხადებს, რომ კრემლს მაგნიცკის ციხეში სიკვდილის ფაქტისთვის ნაკელბის მნიშვნელობის მინიჭება სურს.

„მაგნიტსკის საქმის უარყოფითი გავლენა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე რამდენიმე თვეში განელდება. საბოლოო ჯამში დაძაბულობის გადალახვა მოხდება პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ობამას შორის პერსონალური შეხვედრით. ეს შეხვედრა კი სავარაუდოდ ამ ზაფხულს გაიმართება.“


გასულ პარასკევს ვაშინგტონმა გამოაქვეყნა 18 რუსი მაღალჩინოსნის სახელი, რომლებსაც ამერიკაში შემოსვლა ეკრძალებათ. კრემლის განცხადებებით ცხადი იყო, სიის მოცულობამ ხელისუფლების კმაყოფილება გამიწვია. სიაში მხოლოდ საშუალო და დაბალი დონის სახელმწიფო მოხელეები შედიან, ხოლო ადამიანების რაოდენობა კი 10 პროცენტიც კი არ არის იმისა, რასაც თავდაპირველად ამერიკელი კონგრესმენები ითხოვდნენ.

მიუხედავად ამისა, მოსკოვმა თავის მხრივ, გამოაქვეყნა 18 ამერიკელი სახელმწიფო მოხელის სახელი, რომლებსაც რუსეთში ჩასვლა ეკრძალებათ.

დუმაში ზოგიერთმა რადიკალურად განწყობილმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ამერიკელების სია „მტკივნეული დარტყმა“ იყო ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.

ორშაბათს სახელმწიფო ტელეარხზე არ გაიმეორეს პრეზიდენტის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებული მკაცრი განცხადება ამერიკის წინააღმდეგ. გარდა ამისა, მან პრეზიდენტ პუტინზე თქვა, რომ ის კომპრომისზე წასასვლელად მზადაა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მზადაა დათმობებზე წავიდეს იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა არ გადაკვეთს წითელ ხაზს, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებას დააზიანებს.

რუსეთის მთავრობა ჩრდილოეთ ირლანდიაში დაგეგმილი დიდი რვიანის შეხდევრისთვის ემზადება. ამის შემდეგ კი იმედს იტოვებენ, რომ პრეზიდენტი ობამა სექტემბერში დიდი ოცეულის სამიტზე სანქტ პეტერბურგს ეწვევა, რომელსაც პუტინი უმასპინძლებს.

ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვმა ტომას დონილონთან და ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას ღრმას სწამს, რომ ობამას ადმინისტრაციას რუსეთთან თანამშრომლობა სურს.

მისივე თქმით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა მოისმინეს მოსკოვის შეშფოთება რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით.

დმიტრი სუსლოვის აზრით, ობამას ადმინისტრაციის პრიორიტეტი ავღანეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან დაკავშირებით რუსეთის დახმარების მიღებაა. ხოლო ქვეყანაში დემოკრატიის აშენება კი მეორე-ხარისხოვანი პრიორიტეტია.

„ეს პოლიტიკა გაამართლებს, რადგანაც ობამას ადმინისტრაციამ აჩვენა, რომ მზადაა მიიღოს თამაშის ეს წესები. ობამას ავტორიტაულ ტენდენციებზე დიდ ყურადღებას აღარ გაამახვილებს.“

ჯერ ადრეა რაიმე სიხისტით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პროგნოზირება, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ მომდევნო 5 თვის მანძილზე ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრა და პირისპირ საუბარი გარდაუვალი პოლიტიკური მოვლენაა.