რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც „უცხოეთის აგენტებად“ მიჩნეულ მედია საშუალებების შესახებ არსებულ კანონში შესწორებები შედის. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის სხვაგვარად აზროვნების ასალაგმად, ახალი ამბების მრავალფეროვნების შესაზღუდად და იდეების თავისუფლად გაცვლის ხელის შესაშლელად გამოიყენება.
ახალი კანონი მთავრობას აძლევს უფლებას, ოფიციალურად „უცხოეთის აგენტად“ აღრიცხულ ორგანიზაციებში მომუშავე ჟურნალისტებსაც უცხოეთის აგენტი უწოდონ.
ეს სახელი დაერქმევა იმ პირებს, რომლებიც უცხოურ მედია საშუალებებთან თანამშრომლობენ და მათგან ფინანსურ ან სხვა მატერიალურ მხარდაჭერას იღებენ.
„ტასს“-ის ინფორმაციის თანახმად, უცხოური მედია რუსული რეგულაციების დამრღვევ რაიმე მასალას თუ გამოაქვეყნებს, „ახალი ნორმა რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს, უცხოეთის აგენტების ან მათ მიერ დაარსებული იურიდიული პირების ვებგვერდები დაბლოკოს“.
„რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა ჯემი ფლაიმ თქვა, რომ ახალი კანონი ჟურნალისტების უსაფრთხოებაში და მათ ცხოვრებაში „იჭრება“ და რუსეთის წარსულის ყველაზე ბნელ პერიოდებს გვახსენებს.
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს კანონი „სიმეტრიული პასუხია“ რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ტელეარხის, „რაშა თუდეის“ რეგისტრაციის მოთხოვნაზე. შეერთებული შტატების მთავრობა ამ ტელეარხს ბრალად პროპაგანდის გავრცელებას უყენებს და უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის კანონის შესაბამისად, შეერთებულ შტატებში მოქმედი მისი განყოფილების რეგისტრაციას ითხოვს.