მოსკოვი ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებებს მიმდინარე კრიზისს უკავშირებს

რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებების ბედი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება მოსკოვის მიერ წამოყენებულ „უსაფრთხოების გარანტიებზე“ მოლაპარაკებები.

ვლადიმირ ერმაკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სააგენტო „რიასთან“ საუბრისას ამბობს, რომ „უსაფრთხოების გარანტიებზე“ მიმდინარე დისკუსია უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე მოლაპარაკებები სტრატეგიული იარაღის კონტროლის შესახებ.

ასევე ნახეთ: „რუსეთის ძალების უდიდესი გადაადგილება ცივი ომის შემდეგ“ - ნატო

ერმაკოვის თქმით, იარაღის კონტროლის შესახებ შეხვედრების განახლება, მეტწილად, სწორედ მოსკოვის მიერ წამოჭრილი „უსაფრთხოების საკითხების“ მოგვარებაზე იქნება დამოკიდებული.

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 000 ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განალაგა. ამის შემდეგ, კი დასავლეთს მოთხოვნები წარუდგინა, რომელსაც კრემლი „უსაფრთხოების გარანტიებს“ უწოდებს. სხვა საკითხებთან ერთად, მოსკოვი მოითხოვს აშშ-მა და ნატომ პირობა დადოს, რომ უკრაინა ალიანსს არასდროს შეუერთდება. ვაშინგტონი და ალიანსი ასეთი გარანტიების გაცემაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება.