უკრაინის საჰაერო ძალები კიევზე დრონებით განხორციელებულ რუსეთის იერიშზე საუბრობს

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, დედაქალაქი კიევი, რუსეთის დრონებით თავდასხმისგან წარმატებით დაიცვეს. მათივე თქმით, თვადასხმა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ განაცხადა, რომ ყველა რუსული დრონი, რომელიც კიევისკენ იყო მიმართული, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ან გაანეიტრალა.

მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, სადაც სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ორშაბათს განაცხადა, 73 დრონიდან 67 ჩამოაგდეს. ასევე გაანადგურეს რუსეთის მიერ თავდასხმის დროს გაშვებული სამი რაკეტიდან ერთი.

გუბერნატორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიმდებარე რეგიონში კრიტიკული მნიშვნელობის ან საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. მისი თქმით, თავდასხმის გამო, რეგიონის ხუთ რაიონში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ არის.

მიკოლაივის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა კი თქვა, რომ თავდასხმამ სამხრეთ რეგიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გამოიწვია.

რუსეთმა სექტემბერში მრავალი საჰაერო თავდასხმა განახორციელა კიევსა და ზოგადად, უკრაინაზე. დრონებით შეტევისას, ძირითადი სამიზნეა უკრაინის ენერგეტიკული, სამხედრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

რუსეთი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.