უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა სამშაბათს უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურასა და მარცვლეულის საწყობებზე, საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამასთან, ოფიციალური პირები, უკრაინული ძალების მიერ, ფრონტის ხაზზე მიღწულ პროგრესზეც საუბრობენ.
ასევე ნახეთ: ოდესაზე კრემლის მორიგ იერიშს მსხვერპლი მოჰყვაპრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ფრონტის ხაზიდან „კარგი დეტალებია“, თუმცა ამის შესახებ უფრო ვრცლად არ უსაუბრია. მისივე თქმით, უკრაინელებს ნათლად ესმით, სად განახორციელონ ზეწოლა იმისთვის, რომ ეს მოსკოვში იგრძნონ.
„სანქციები საკმარისი არ არის. ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ უკრაინულ მოქმედებას, ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ვიდრე რუსულ აგრესია გრძელდება, რუსეთმა დანაკარგი უნდა განიცადოს“, - თქვა ზელენსკიმ საკუთარ ყოველდღიურ მიმართვაში.
ილია იევლაშმა, აღმოსავლეთის ძალების სპიკერმა უკრაინის ეროვნულ ტელევიზიას უთხრა, რომ უკრაინულმა ჯარებმა, ბახმუტის მახლობლად მდებარე სოფლებში წარმატებას მიაღწია. „მჯერა, მალე კარგი ახალი ამბავი გვექნება“, - თქვა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას სამხრეთის ძალების სპიკერმა, ოლექსანდრ შტუპუნმა.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გასული ღამის ორი საათის განმავლობაში, რუსული დარტყმები ფოკუსირებული იყო მარცვლეულის ექსპორტის ოლქზე, იზმაილზე.
ოლეჰ კიპერმა, სამხრეთ ოდესის რეგიონის გუბერნატორმა თქვა, რომ დაზიანდა სასაზღვრო გამშვები პუნქტის შენობა, საცავი და 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა, დაშავდა ორი ადამიანი.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება დატოვა, უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტი, დუნაის გავლით გაააქტიურა.
„მტერმა მიზანში ამოიღო დუნაის პორტი და სასაზღვრო ინფრასტრუქტურას დაარტყა“, - განაცხადა გენერალურმა პროკურატურამ და აქვეყნებს დანგრეული მარცვლეულის საწყობების და დამწვარი სატვირთო მანქანების ფოტოებს. უწყების განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სატვირთოს ორი მძღოლი, დაზიანდა მარცვლეულის მარაგი, ადმინისტრაციული შენობები და სატვირთო მანქანები.