უკრაინის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ 4 სექტემბერს, რუსეთის ავიაციამ ისევ შეუტია ქვეყნის ენერგეტიკულ ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. საჰაერო იერიშების სამიზნე ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის 9 რეგიონი აღმოჩნდა.
ენერგეტიკული ობიექტები დაბომბეს დასავლეთში ლვივის, ჩრდილო-აღმოსავლეთით სუმისა და ხარკივის რეგიონში, ასევე - დონეცკში აღმოსავლეთით, ქვეყნის აღმოსავლეთ-ცენტრალურ ნაწილში დნეპროპეტროვსკში და სამხრეთში - მიკოლაივში. ინფორმაციას სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტრო დაზიანების მასშტაბის დეტალებს არ აკონკრეტებს. ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურა 2022 წელს მეზობელ, სუვერენულ უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის სამიზნე ხშირად ხდება.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, მათ ამ ბოლო თავდასხმის დროს, რუსეთის 13 რაკეტიდან 7 ჩამოაგდეს. კიევმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 29 დრონიდან 22-ის განეიტრალება შეძლო.
"ტელეგრამზე" უკრაინული ენერგოოპერატორი "უკრენერგო" იუწყება, რომ ის აძლიერებს საგანგებო ზომებს, რომლებიც 26 აგვისტოს, ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებული რუსეთის საჰაერო თავდასხმის შემდეგ მიიღო. ენერგიის წარმოების მოცულობის შემცირების გამო, დენის მიწოდების შეზღუდვა მთელ რიგ რაიონებში გაიზრდება.
საჰაერო ძალების სარდლობამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშების სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა კიდევ სამ რეგიონში გახდა. ესენია: ივანო-ფრანკოვსკი, ტერნოპილი და ვოლინი, რომლებიც აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ფრონტის ხაზებიდან მოშორებით მდებარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლებლების ცნობით, რუსული დრონებით ღამით მიტანილი იერიშების შედეგად, ლვივში 7 ადამიანი დაიღუპა და დაზიანდა ისტორიული შენობები ქალაქის ცენტრში. ლვივი ნატოს წევრი პოლონეთის საზღვართან მდებარეობს.
ერთი დღით ადრე, 3 სექტემბერს უკრაინაზე რუსეთის ავიაციის თავდასხმის მსხვერპლი 50-მდე გაიზარდა. მოსკოვის სამიზნე პოლტავის სამხედრო ინსტიტუტი იყო.