უკრაინაში რუსეთმა 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, აცხადებს ლონდონი

რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 50 000 მებრძოლი დაკარგა, ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი დაჭრილია. ამას გარდა, უკრაინაში განადგურდა, დაახლოებით, 1 700 ტანკი - აცხადებს ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ადმირალი ტონი რადაკინი.

აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანიასთან "ბი-ბი-სი" ინტერვიუში გააკეთა, რომელიც კვირას, 17 ივლისს გავიდა ეთერში. ადმირალმა რადაკინმა რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ "კომენტარები იმის შესახებ, რომ ის შეუძლოდაა, ან მას რეალურად ვინმე აუცილებლად მოკლავს, ჩემი აზრით, უბრალოდ სასურველი რეალობაა".

ასევე ნახეთ: ბრიდლოვი: "ისტორია განგვსჯის, თუ რუსეთს კიდევ ერთხელ შევუშინდებით"

"როგორც სამხედრო პროფესიონალები, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთში რეჟიმი შედარებით სტაბილურია. პრეზიდენტი პუტინი ახერხებს ნებისმიერი ოპოზიციის განადგურებას. მოწმე ვართ იერარქიის, რომელიც ემორჩილება პრეზიდენტ პუტინს და არავის ზედა ეშელონებში არ აქვს მოტივაცია მისთვის გამოწვევის შექმნის" - განაცხადა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანმა.

მისი აზრით, უკრაინაში რამდენიმე უკანდახევის ფონზე, რუსეთის სახმელეთო ჯარი ახლა სავარაუდოდ ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ომამდე. პერსონალის და ტანკების დაკარგვის გარდა, უკრაინაში განადგურებულია რუსეთის კიდევ 4 000 სხვა საბრძლო მანქანა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ადმირალი ტონი რადაკინი აღნიშნავს, რომ მოსკოვი ანგარიშგასაწევ ძალად რჩება. "რუსეთი კვლავ ბირთვული სახელმწიფოა. მას აქვს კიბერ-შესაძლებლობები, კოსმოსური შესაძლებლობები, კონკრეტული წყალქვეშა პროგრამები, რომელთა საშუალებებითაც შეუძლია წყალქვეშა გაყვანილობების დაზიანება, რომლითაც ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გლობალურად ვრცელდება".