აგვისტოს ომის მე-10 წლისთავაზე, საქართველოში პოლიტიკური „კინკლაობის“ თემა ისევ ძველია: ვინ დაიწყო ომი 2008 წელს? რუსეთმა თუ საქართველომ? ამ დისკუსიის განახლებას ხელი „დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა“ სალომე ზურაბიშვილმა შეუწყო. ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ომის გაჩაღებაში, ტრადიციულად, სააკაშვილი და მისი პარტია დაადანაშაულა.
„საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ.“ - ბრძანა საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე ზურაბიშვილმა, რომელსაც 28 ოქტომბრის არჩევნებზე, დიდი ალბათობით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს.
ზურაბიშვილის მოსაზრება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს რუსეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებას, რომელიც გაზეთმა „კომერსანტმა“ დღეს გამოაქვეყნა. დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წელს, პრეზიდენტი იყო და საქართველოში შეჭრის ბრძანება ფორმალურად სწორედ მან გასცა, ხაზი გაუსვა, რომ „აგრესია დაიწყო საქართველომ და ამას ისტორიიდან უკვე ვერ ამოშლი“.
„რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი, 2007-10 წლებში, ოპოზიციურ გაერთიანება - „ერთიან ეროვნული საბჭოში“ სალომე ზურაბიშვილის ყოფილი პარტნიორი, ამბობს, რომ ეს შეფასება კრიტიკას ვერ უძლებს:
როდესაც შენ ქართველი პოლიტიკოსი რუსეთს ამ "თეზისს" უდასტურებ, არ ვიცი ამას რა შეიძლება ეწოდეს. ეს არის ან ძალიან დაბალი დონის ინტელექტუალური უმწიფრობა ან ქვეყნის პირდაპირი მტრობა“დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტია
„ეს თეზისი, რომ საომარი მოქმედება საქართველომ დაიწყო, რუსული პროპაგანდის ფუნდამენტური თეზისია. სწორედ ამ თეზისზეა აგებული, ის, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სამხედრო ძალით შემოჭრა და სეპარატისტული რეჟიმების ცნობა ლეგიტიმური იყო; ყველა ეს ქმედება გამართლებულია თეზისით, რომ „საქართველო დაესხა მძინარე ცხინვალს თავს“ და სწორედ ეს არის საერთაშორისო დონეზე, რუსეთის მთავარი „არგუმენტი“.
ამ ფონზე, როდესაც შენ თვითონ, ქართველი პოლიტიკოსი თუ საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ რუსული აგრესიის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი გაქვს ხელში, ამ თეზისს უდასტურებ, არ ვიცი ამას რა შეიძლება ეწოდოს: ეს არის ან ძალიან დაბალი დონის ინტელექტუალური უმწიფრობა ან ქვეყნის პირდაპირი მტრობა.“
სალომე ზურაბიშვილს ბოლო წლებში სხვა არაერთი საკამათო მოსაზრებაც ეკუთვნის, რომელზეც საზოგადოებას არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა.
2017 წლის 1 აგვისტოს მან საქართველოში NATO-ს მრავალეროვნულ სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: „ამერიკული სამხედრო ტეხნიკის გამოჩენა თავისთავად რას ემსახურება და რისი მომტანია ჩემთვის ნათელი არაა... არის კი ამერიკა მზად პასუხისთვის? მცოცავი ქმედებებიდან ღია აგრესიაზე რომ გადავიდეს ჩვენი ისედაც აღგზნებული მეზობელი?“
2016 წლის 27 ოქტომბერს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გამოსვლისას ზურაბიშვილმა ბრძანა, რომ „ჩვენ დღეს ვართ დაბლოკილი ამ კუთხითაც. ის ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა და რაც რეალობის სწორი ასახვაა, ამავე დროს, ჩვენ ყველა მხრივ გვბლოკავს“.
2014 წლის 7 აგვისტოს კი საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა აგვისტოს ომს შემდეგი ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა: "იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე - ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე - ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა .... გამოიწვია მოსალოდნელი და წინასწარ გამოცხადებული რუსეთის სამხედრო რეაქცია .... მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და "გეგმიურ" ტერიტორიების დაკარგვას...“
პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის აზრით, მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა ბევრ კითხვას ბადებს:
როცა ასეთ ადამიანს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად ასახელებს, ძალიან სერიოზული პრობლემა ჩნდება"თორნიკე შარაშენიძე, პოლიტოლოგი
„ჩვეულებრივ ადამიანს რა თქმა უნდა შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, რამდენად კარგია ან ცუდია საქართველოში აშშ-ს ან NATO-ს სამხედრო ბაზის გახსნა, მაგრამ როცა ასეთ ადამიანს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად ასახელებს, ძალიან სერიოზული პრობლემა ჩნდება. მაშინ რა პოლიტიკა აქვს არჩეული ქართულ ოცნებას? ეს შეკითხვა ისმება ძალიან სერიოზულად.“
დღეს, აგვისტოს ომის 10-ე წლისთავზე, „ქართული ოცნების“ არცერთმა ლიდერმა არ ისურვა სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასება, რომლის მიხედვითაც 2008 წელს ომი არა რუსეთმა, არამედ საქართველომ დაიწყო. მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის, „ქართულ ოცნებაში“ ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულან, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუ ვის დაუჭერენ მხარს.
10 წლის უკან სამხედრო აგრესიის შედეგად, რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ბანდებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 ჯარისკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი მოკლეს.
ხუთ დღიანი ომის შედეგად 2232 საქართველოს მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა, მათგან 1045 სამხედრო იყო. სამხედრო აგრესიის შედეგად მოსკოვმა უზარმაზარი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას და საიმედო სატრანზიტო სახელმწიფოს იმიჯს, მიიტაცა ორი რეგიონი, რომლებიც ამ დრომდე ოკუპირებული აქვს.