რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები "დაბალ დონეზე" დავიდა - ეს განცხადება ევროპაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც კრემლმა რუსეთიდან 3 ქვეყნის დიპლომატები გააძევა და ისინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
კრემლი თვლის, რომ გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის დიპლომატები მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციების, ორგანიზებაში, რომლებიც ბოლო პერიოდში რუსეთში იმართებოდა. მასშტაბური აქციები რუსეთში ვლადიმირ პუტინის მთავარი კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკავებას მოჰყვა.
კრემლმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ბორელი მოსკოვში იმყოფებოდა მოლაპარაკებებზე. ბორელმა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, გამართა და თქვა რომ ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გაუარესდა.
Your browser doesn’t support HTML5
მალევე კრემლის ქმედებას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოეხმაურა. მერკელს მიაჩნია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და რუსეთში კანონის უზენაესობა არ არსებობს. პოლონეთმა უკვე მიიღო საპასუხო ზომები და ქვეყანაში რუსეთის ელჩი დაიბარა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ დიპლომატებმა სამი ქვეყნიდან 23 იანვარს გამართულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა და 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის საფუძველზე, ისინი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ. რა რაოდენობის დიპლომატებზეა საუბარი ეს უცნობია.
მოსკოვში 2 დღის წინ პუტინის მთავარ კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, მისი ათასობით მხარდამჭერი კი სამართალდამცავებმა დააკავეს. კრემლის ამ ქმედებას დასავლეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა. როგორც ევროპა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობენ.