მოსკოვის საავადმყოფოში გარდაცვალებამდე, 74 წლის ლიუბოვ კაშაევას, ახალი კორონავირუსი ორჯერ დაუდასტურდა. თუმცა მის გარდაცვალების ცნობაში კორონავირუსი ან კოვიდ-19 არსად ფიგურირებს. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი კიბოა, რომელსაც ის მანამდეც ებრძოდა.
„გარდაცვალების სამედიცინო სერტიფიკატში ნათქვამია, რომ ის ავთვისებიანი სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა,“ ამბობს კაშაევას რძალი. მისი თქმით, „კორონავირუსი არსადაა ნახსენები.“
კაშაევა ერთ-ერთია ათასობით მსგავს შემთხვევათა შორის, რომელთა გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად არა კოვიდ-19, არამედ სხვა მიზეზი სახელდება.
რუსეთი, ამერიკის შემდეგ, რიგით მეორე ქვეყანაა ახალი კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის თვალსაზრისით. ოფიციალური მონაცემებით, იქ დაინფიცირებულია 299,941 ადამიანი, გარდაცვლილი კი 2,837. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამ მონაცემებით, გარდაცვალების მაჩვენებელი ყოველ 100,000 მოსახლეზე სიკვდილობა 1.88 ადამიანია.
ამერიკაში ეს მაჩვენებელი 27.51-ია, ბრიტანეთში კი 52.45 ყოველ 100,000 მოსახლეზე.
რუსეთი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობას ზუსტად აღრიცხავს. გარდაცვლილ ადამიანთა ნაწილის ოჯახის წევრები მთავრობის პოზიციას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მიუხედავად არსებული სამედიცინო მდგომარეობისა, რომ არა კორონავირუსი, მათი ოჯახების წევრები დღეს ცოცხლები იქნებოდნენ.