ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"როსკომნადზორი" 'გუგლისგან" რუსეთში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვზე სტატიის დაბლოკვას ითხოვს


რუსეთის მედიის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო „როსკომნადზორი“ გუგლისგან იმ სტატიის დაბლოკვას ითხოვს, რომელშიც ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ოფიციალური მონაცემები ეჭვქვეშაა დაყენებული და ნათქვამია, რომ შესაძლოა ეს ციფრები სინამდვილეში 80%-ით უფრო მაღალი იყოს.

„MBKh მედიის“ თანახმად, მისი მასალა „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ ცნობებს ეყრდნობოდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთში კოვიდ-19-ით შესაძლოა 80 %-ით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჯანდაცვის უწყება აცხადებს. მედიასაშუალება აცხადებს, რომ მათ სტატიის დაბლოკვის მოთხოვნის თაობაზე „გუგლისგან“ შეიტყვეს. „გუგლმა“ მათ უთხრა, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციამ საერთაშორისო საძიებო სისტემის გიგანტს სტატიის დაბლოკვა სთხოვა იმ მიზეზით, რომ მასალაში „ამბოხის, ექსტრემისტული მოქმედებების და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მასობრივი ქმედებებისკენ“ მოწოდებები იყო. მედიასაშუალება სწორედ „გუგლი ქლაუდის“ პლატფორმას იყენებს, შესაბამისად ორგანიზაციამ მედიასაშუალებას ამ მასალის წაშლა ან რუსეთის ტერიტორიისთვის დაბლოკვა მოსთხოვა.

„როსკომნადზორის“ ეს მოთხოვნა „გუგლის“ სპეციალურ, გამჭვირვალობის ანგარიშისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე 15 მაისის მონაცემებით არ იძებნებოდა.

„MBKh მედია“ აცხადებს, რომ ამ სადავო სტატიაში იმთავითვე იყო აღნიშნული, რომ ეს ცნობა გაზეთ „ფაინენშალ თაიმსის“ მასალას ეყრდნობოდა.

15 მაისის რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ცნობებით, ქვეყანაში ინფიცირების 10 598 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. სულ აღრიცხული შემთხვევები კი 262 800 ათასს აჭარბებს. ამ ციფრებით რუსეთი მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ქვეყანაა. თუმცა კვლავ ძლიერ ჩამორჩება შეერთებული შტატების მონაცემებს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი ოფიციალურად 2 418-ია.

ანალიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ინფიცირებულთა რეგისტრაციის, პროცედურების დაცვის თუ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების მიერ შემთხვევათა არასწორი კლასიფიკაციის მინიჭების საკითხებს. მაგალითად სანკტ-პეტერბურგში სეზონურ ზოგად და საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ბევრად მაღალია ფილტვების ანთების შემთხვევები, რაც შესაძლოა კორონავირუსის დაუდასტურებელ, არაოფიციალურ შემთხვევებზე მიუთითებდეს.

ქალაქ მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტმა კი 13 მაისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის მქონე და გარდაცვლილი პაციენტების 60 % "ალტერნატიული მიზეზებით" იყო გამოწვეული და შესაბამისად, ამგვარი შემთხვევები კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობას არ ემატება. ამავე დროს "ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" ერთობლივ არხს "Current Time"-ს რუსეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას კლების ტენდენცია აქვს და სიტუაცია სტაბილურ ფაზაში გადადის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG