რუსეთმა ღამით კიევს დრონები დაუშინა

ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის წინააღმდეგ დრონების ორი ტალღა გაუშვა. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ეს ამ თვეში კიევზე მე-15-ე თავდასხმა იყო.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრატორმა სერჰიი პოპკომ „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ თავდასხმის დროს, რომელიც ოთხ საათს გრძელდებოდა, ქალაქის თავზე ათობით დრონი ჩამოაგდეს.

ასევე ნახეთ: რუსეთმა კიევის ბავშვთა საავადმყოფო და რამდენიმე ქალაქი დაბომბა, დაღუპულია 29 ადამიანი

მან იქვე დაამატა, რომ ხელისუფლებას ადამიანების დაშავების შესახებ ცნობები არ მიუღია და ნამსხვრევებით გაჩენილი ხანძარი მოგვიანებით ჩააქრეს.

სააგენტო „როიტერის“ კორესპონდენტები პარასკევ დილით მრავალჯერადი აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ.

უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვამ მთლიანობაში 63 რუსული დრონიდან 36 გაანადგურა, განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალებმა.

მათი უმეტესობა კიევის და ოდესის რეგიონის თავზე ჩამოაგდეს, 16 კი „ტერიტორიულად დაიკარგა“, ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უარყოფდა ფაქტს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, მიზანში სამოქალაქო მოსახლეობას იღებს, მაგრამ რაკეტებს და დრონებს გამუდმებით ფრონტის ხაზის მიღმა მდებარე ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს ესვრის.