რუსეთში თავდასხმის მსხვერპლი 115-მდე გაიზარდა, პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში, „კროკუს სითი-ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვმა 115-ს მიაღწია. ამის შესახებ 23 მარტს განაცხადა მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა. მისი თქმით, დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.

მანამდე საგამოძიებო კომიტეტი იტყობინებოდა, რომ ამოცნობილია 41 ადამიანის გვამი. როგორც ვორობიოვმა თქვა, რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას, მაშველებმა შეძლეს საკონცერტო დარბაზში შესვლა და მდგომარეობას იქ „უკიდურესად მძიმე“ უწოდეს.

რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, „კროკუს სითი-ჰოლში“ მაყურებელთა დარბაზი მთლიანად დანგრეულია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ამ დრომდე გრძელდება თავდასხმის ტერიტორიაზე საგამოძიებო და გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გაშიფვრის პროცესი.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისათვის, საავადმყოფოებში გადის მკურნალობას 107 დაშავებული. მათგან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის, ერთი ბავშვია. ექიმები მძიმედ აფასებენ კიდევ 44 პაციენტის მდგომარეობას, რომელთა შორისაც ორი ბავშვია.

საგამოძიებო კომიტეტი ადასტურებს, რომ წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელებმა შენობის დასაწვავად გამოიყენეს ადვილად აალებადი სითხე. დარბაზში აღმოჩენილია ავტომატები და სხვა საბრძოლო იარაღი, რომლებიც თავდამსხმელებმა დატოვეს. უწყების ცნობით, მსხვერპლის უმეტესობა სროლის შედეგადაა დაღუპული.

ასევე ნახეთ: არანაირი ნიშანი არ არის, რომ მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინა მონაწილეობდა - აშშ

ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც გადაღებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის დაკითხვა. ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა რუსული გამოცემის "რაშა თუდეი" მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.

ვიდეოზე გადაღებული მამაკაცი ამბობს, რომ ის რუსეთში თურქეთიდან ჩაფრინდა 4 მარტს. ის ასევე ამბობს, რომ ადამიანების მოკვლისთვის მას ნახევარი მილიონი რუბლი შესთავაზეს. მამაკაცის თქმით, თავდასხმის ორგანიზატორებმა მას დაავალეს, განურჩევლად მოეკლა დარბაზში მყოფნი.

22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, საკონცერტო დარბაზში მყოფებზე თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც იქ სროლით შეიჭრნენ. თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.