მოსკოვი: ბუტინას ჯაშუშობის ბრალდება უსაფუძვლოა

მარია ბუტინა დუმის დეპუტატ, ალექსანდრე ტორშინთან ერთად.

დღეს კრემლი გამოეხმაურა ამერიკაში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, მარია ბუტინას მიერ ბრალეულობის აღიარებას და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს "უსაფუძვლო" უწოდა. რუსეთის მოქალაქემ შეერთებული შტატების ფედერალურ სასამართლოში ბრალი უკვე აღიარა.

განცხადებები კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთეს. ლავროვის თქმით, ბრალის აღიარება სასამართლო გარიგების ნაწილია და მსგავსი რამ "ჩვეულებრივი ამბავია" შეერთებულ შტატებში, როცა გარიგებაზე იმის გამო მიდიან, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ შინ.

ხუთშაბათს ბუტინამ აღიარა, რომ ის კრემლის აგენტი იყო და რუსულმა დაზვერვამ გამიზნულად ჩანერგა ამერიკის ძალიან გავლენიან ლობისტურ ორგანიზაციაში. მას რესპუბლიკური პარტიის წრეების შესახებ მოსკოვისთვის ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა ევალებოდა.

30 წლის ბუტინა გამოძიებასთან თანამშრომლობს. აღიარების მიხედვით, ის დავალებებს ალექსანდრე ტორშინისგან იღებდა. ტორშინი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ვიწრო წრეში ტრიალებს. ის სხვადასხვა დროს იყო დუმის დეპუტატი, სათათბიროს წევრი, შემდეგ კი რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილე. ის ამჟამად შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაშია.

მარია ბუტინას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. საბოლოო განაჩენს მას 12 თებერვალს გამოუტანენ. სასჯელის მოხდის შემდეგ, მას სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცემა.