„სად მიჰყავს საქართველო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს? ნამდვილად არა დასავლეთისკენ. ესაა „ალიკაპი“ საწინააღმდეგო აზრისა და კრიტიკისთვის - ასეთია შეფასება, რომელსაც რამდენჯერმე იმეორებს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი. ისაა ერთ-ერთი ინიციატორი და თანაავტორი იმ წერილისა, რომელსაც ხელს 14 ევროპული ქვეყნის პარლამენტების შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები აწერენ და ერთხმად მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაიხმოს უკან ეს კანონპროექტი. ამბობენ, რომ მას არაფერი აქვს საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან და არის „პუტინის რუსეთის სტილის კანონი“ - მსგავსი სულისკვეთებისა და მსგავსი მიზნის.
- საქართველოში გრძელდება პროტესტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ თაობაზე მმართველი გუნდის მიერ ხელმეორედ შემოთავაზებული კანონპროექტის წინააღმდეგ. თქვენ ერთ-ერთი ინიციატორი იყავით იმ საჯარო წერილის, რომელსაც ევროკავშირის წევრი 14 ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები აწერენ ხელს და რომლითაც მთავრობას მოუწოდეთ, უკან გაიწვიოს ეს კანონპროექტი. რატომ უნდა გააკეთოს ეს მმართველმა გუნდმა?
- პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ასეთი იყო პირობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დადო, რომ ის ერთხელ და სამუდამოდ, ამ კანონს პარლამენტიდან უპირობოდ გაიწვევდა. . მათ ეს გააკეთეს შარშან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის განხილვის პროცესში. რამდენიმე თვის შემდეგ, ევროკავშირმა თავისი დაპირება შეასრულა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ცხადია - გარკვეული დათქმებით. საქართველოს მმართველი პარტიისგან კი ახლა, მოულოდნელად, ვხედავთ უკუსვლას, რაც ეწინააღმდეგება მათსავე დადებულ პირობას.
საინტერესოა როცა „ქართული ოცნება“ საუბრობს ანალოგიებზე, თითქოს ევროკავშირს აქვს მსგავსი კანონები, ჩვენ ვიცით, ვის აქვს მსგავსი კანონმდებლობა. ქართული კანონპროექტის სტრუქტურა, ფორმა, სამიზნე შეესაბამება იმ კანონს, რომელიც ახლა მოქმედებს რუსეთში.
ამასთან, ეს ყველაფერი სულაც არ ეხება მხოლოდ მმართველ პარტიას. ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პროტესტს, რომელიც მოჰყვა “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად ამ კანონპროექტის წარდგენას. საქართველოში უზარმაზარი პროტესტი ვნახეთ. ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში ამის გასაპროტესტებლად.
რა თქმა უნდა, ეს [კანონი] საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ, კონკრეტულად კი ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. ეს სწრაფვა მის კონსტიტუციაშიცაა ჩაბეჭდილი. ამიტომ, ეს არის გარკვეულწილად ქართველი ხალხის ღალატი. ასე რომ, ახლა, ერთი პარტია პოტენციურად ძირს უთხრის მთელი ქვეყნის ბედს, ხალხის ნებას.
ეს კონკრეტული კანონმდებლობა, როგორც ევროკავშირშიც და წევრ სახელმწიფოებშიც ექსპერტები ამბობენ, არის მეტ-ნაკლებად კოპირებული ვერსია მისი რუსული ექვივალენტისგან, რომელიც „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ რუსეთმა წლების წინ მიიღო და რომლის მიზანიც არის მოწინააღმდეგეთათვის ალიკაპი, სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა. ეს ამ მხრივ ნამდვილად არის დემოკრატიისთვის წელსქვემოთ მიყენებული დარტყმა.
ეს არაა მხოლოდ დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული განგაში ამ კანონის პოტენციური მიღების რისკების თაობაზე, და რომ ეს საქართველოს წაიყვანს იმ მიმართულების აბსოლუტურად საპირისპირო მხარეს, რა მიმართულებით მიმავალ გზაზეც მის მოსახლეობას ამდენი ხანია ასე ძალიან სურს დაწინაურება. ეს საქართველოსთვის ახლა უდიდესი გამოწვევაა.
ცხადია, ჩვენი პრეროგატივა არაა ვუკარნახოთ [რომელიმე] სუვერენულ ქვეყანას, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ მათ უნდა მოუსმინონ იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ახლა მოდის ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. ეს არაა ის, რაც უბრალოდ სასურველია, რომ გაკეთდეს. ეს უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს მთელ გზას ევროკავშირის წევრობისკენ.
ასევე ნახეთ: „საერთაშორის ამნისტია“: პოლიციამ, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარაამასთან, ლატვია და ბალტიისპირეთის ქვეყნები ყოველთვის საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ, ჩვენ ვიყავით აღმოსავლეთის პარტნიორობის უმთავრესი მომხრეებიც, საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების გაფორმების პროცესშიც, ვთავაზობდით ქვეყანას ჩვენს გამოცდილებას.
ახლა, ბოლო დროს ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა იმის თაობაზე, თუ საით მიდის ქვეყანა. კითხვებია 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგაც მათი პოზიციის თაობაზე. მე ვმუშაობ ქართველ კოლეგებთან ერთად, როგორც მმართველ პარტიასთან, ისე - ოპოზიციასთან. ვსვამ ხოლმე ამგვარ შეკითხვებს და ხშირად თავს გასულელებულადაც კი ვგრძნობ, რაც მართლაც მტკივნეულია, რადგან ჩვენ გულწრფელად ვცდილობთ ჩავერთოთ, დაგეხმაროთ… ქართველი კოლეგები კი ხშირად გვპასუხობენ ერთგვარი ხელოვნური არგუმენტებით, თავის გამართლებით, რატომ აკეთებენ ამას.
თუკი გულწრფელად ხარ კანდიდატი ქვეყანა, და ამბობ, რომ ევროკავშირს აქვს მსგავსი რეგულაციები, მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, როცა ისედაც მოგიწევს ამ კანონების მიღება, რატომ უნდა იჩქარო და გადმოაკოპირო რუსული კანონი?
ჩემი კითხვაა, საით მიდის საქართველო ამით? რატომ არ დაუგმია საქართველოს პარლამენტს უკრაინაში რუსეთის აგრესია? პასუხი მმართველი გუნდისგან იყო, რომ მათ სურთ ამის გაკეთება, მაგრამ ოპოზიციას არ უნდა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა და შესაბამისად, ვერ ახერხებენ ამ თემაზე კონსენსუსის მიღწევას, რათა ამას კენჭი უყარონ. ამგვარი განმარტება ვხვდები, რომ აბსურდია.
ასევე ვხედავთ, რომ საქართველო არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. რატომ? დიახ, შეიძლება იყოს ბევრი განმარტება, ახსნა, მე ვფიქრობ უფრო საბაბი, გამართლება. შემდეგ ვიხილეთ მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენა. ეს ყველაფერი ერთად გროვდება და საბოლოოდ გვიჩენს შეკითხვას: საით მიჰყავს მმართველ პარტიას ახლა საქართველო? არიან ისინი კვლავ უკან, რუსეთის ორბიტაზე? და ვინ მართავს პროცესებს ფარდის მიღმა? დიახ, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ეჭვები.
მაგრამ კანონს რომ დავუბრუნდეთ, ერთი რამ ძალიან ნათელია: თუ ეს კანონი მიღებული იქნება, მე არ მაქვს ილუზია იმის შესახებ, საით მიჰყავს “ქართულ ოცნებას” საქართველო და ეს არ არის დასავლეთისკენ მიმართულება.
- თქვენ ხსნით, როგორ ჰგავს ეს კანონპროექტი რუსეთში მოქმედ კანონს, თუმცა საქართველოს ხელისუფლლება განსაკუთრებით მწვავედ სწორედ ამგვარ შედარებაზე რეაგირებს და ამ პარალელს ეწინააღმდეგება. პარლამენტში მიკროფონსაც კი ურთავდნენ მათ, ვინც “რუსულ კანონს” ახსენებდა. ამასთან, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ თუკი ეს კანონი რამის ანალოგია, ეს სწორედ ევროკავშირსა და ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობაა. თქვენ ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პარლამენტარი, კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპარლამენტის წევრობის კანდიდატი ხართ, გვითხარით, არის თუ არა ეს მტკიცება საფუძვლიანი ან ლეგიტიმური?
- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კანონის რაობის შესახებ [ჩვენი] შეფასება არაა პოლიტიკოსების შეფასება, ესაა ექსპერტების შეფასება. არსებობს მექანიზმები, სადაც საქართველოს შეუძლია წარადგინოს ეს კანონპროექტი განსახილველად და იმის შესამოწმებლად, როგორ შეესაბამება ის დემოკრატიულ პრინციპებს. არსებობს ვენეციის კომისიაც. შეიძლება მისი შემოწმება ევროსაბჭოშიც.
საინტერესოა როცა „ქართული ოცნება“ საუბრობს ანალოგიებზე, თითქოს ევროკავშირს აქვს მსგავსი კანონები, ჩვენ ვიცით, ვის აქვს მსგავსი კანონმდებლობა. მისი [ქართული კანონპროექტის] სტრუქტურა, ფორმა, სამიზნე შეესაბამება იმ კანონს, რომელიც ახლა მოქმედებს რუსეთში.
ერთი პარტია პოტენციურად ძირს უთხრის მთელი ქვეყნის ბედს, ხალხის ნებას.
თუკი გულწრფელად ხარ კანდიდატი ქვეყანა, და ამბობ, რომ ევროკავშირს აქვს მსგავსი დირექტივები და რეგულაციები.... მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, როცა ისედაც მოგიწევს ამ კანონების მიღება, მაშინ რატომ უნდა იჩქარო და გადმოაკოპირო რუსული კანონი? ესეც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.
თუკი ამბობ, რომ შეერთებულ შტატებში მოქმედებს შესაბამისი კანონი, მაშინ რატომ მოგიწოდებს ამერიკა დამუხრუჭებისკენ იმ კანონის მიღების თაობაზე, რომელიც დემოკრატიას მრავალი კუთხით უქმნის საფრთხეს
თქვენ ახსენეთ კანდიდატის სტატუსი, როგორც ერთგვარი შედეგიც კი იმისა, რომ მთავრობამ გასულ წელს უკან წაიღო ეს კანონპროექტი. აგვიხსენით რა დევს სასწორზე, რა რეალური და ხელშესახები ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყანას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს? რა არის შეშფოთების გამომხატველ და კრიტიკულ განცხადებებს მიღმა?
ზიანი - არის ქართველი ხალხის თავისუფლებების შეზღუდვა. მათ მიერ საკუთარი უფლებების გამოყენების შეზღუდვა. ესაა ისეთი საბაზისო, ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ნებისმიერ დემოკრატიაში.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება, პოტენციურ წევრ სახელმწიფოში. ევროკავშირში ნებისმიერ გადაწყვეტილებას კონსენსუსით ვიღებთ, ამა თუ იმ ასპირანტი ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები იქნება ეს თუ - სხვა. ამგვარი ნაბიჯი კი ნამდვილად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ ბლოკის წევრობას საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80 % ემხრობა. ეს იქნება ქართველი ხალხის ღალატიც.
Your browser doesn’t support HTML5
- მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. მათი უმრავლესობა დასავლეთის ქვეყნებიდან ფინანსდება. თავადაც, საკანონმდებლო საქმიანობამდე არასამთავრობო სექტორში მუშაობდით. გვითხარით, როგორ მოქმედებს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების ეს საერთაშორისო მექანიზმები, ნიშნავს თუ არა უცხოური დაფინანსება იმას, რომ ეს არასამთავრობოები უცხო ქვეყნის გავლენასა და ინტერესებს ატარებენ და შესაბამის სიაში ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდნენ?
- ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ბოროტება ხშირად კარგ ზრახვებში იმალება. მთავარი კითხვა არის ერთადერთი: რატომ? რა მოტივაციით გააქვთ ეს კანონი, რომელიც ამდენ სხვადასხვა პროცესს გამოუთხრის ძირს?
რატომ უნდა წავიდეთ უფრო შორს, როცა სამყაროს დემოკრატიული ნაწილის საუკეთესო პრაქტიკა, სადაც გამჭვირვალობა მართლაც მნიშვნელოვანია, არ ეფუძნება მსგავს კანონებს.
ცალკე განხილვის საკითხია ამ კონკრეტული კანონის ცალკეული ნაწილები, მაგრამ მთლიანობაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი მუხლები მართლაც ახალისებს იმას, რომ „ალიკაპი თუ ლაგამი ამოედოს“ ყველა მოწინააღმდეგეს, ვინც გამოხატავს რაიმე კრიტიკას ან ოპოზიციას, ვთქვათ, მმართველი პარტიის მიმართ, მაშინ მათ წინააღმდეგ შესაძლებელი იქნება ზომების მიღება.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ძალიან წინააღმდეგობრივი კანონია შემოთავაზებული. გავიხსენოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ თქვა, რომ გადმოაკოპირეს უკრაინული კანონის ვერსია, რომელიც მათი თქმით, ვენეციის კომისიის მოთხოვნებს შეესაბამებოდა. ეს თითქოს მეტ-ნაკლებად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ თუ დააკვირდებით ცალკეულ ნაწილებს, მაგალითად, ვინ წყვეტს, ხარ თუ არა ოლიგარქთან დაკავშირებული მედია, ეს არის არა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ან სამართალდამცავი უწყება, არამედ - პარლამენტი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, პოლიტიზებული გადაწყვეტილება. ბევრი ტექნიკური დეტალი შეგვიძლია განვიხილოთ ან ავხსნათ.
მაგრამ ეს [კანონი] იძლევა ინსტრუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს არა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, არამედ - შეზღუდვას, იმ მექანიზმების ქონას, რომ აი “თუ კარგად არ მოიქცევით, შეიძლება ამის შედეგები მოიმკათ” …
ახლაც კი თქვენ გაქვთ კანონმდებლობა, რომელიც მოითხოვს დეკლარაციების შევსებას, დაფინანსების წყაროს გამხელას, დამფუძნებლების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას. აქ საიდუმლო არაფერია. და კიდევ ერთხელ ვკითხულობთ რატომ? რატომ უნდა წავიდეთ უფრო შორს, როცა სამყაროს დემოკრატიული ნაწილის საუკეთესო პრაქტიკა, სადაც გამჭვირვალობა მართლაც მნიშვნელოვანია, არ ეფუძნება მსგავს კანონებს.
- მაშინ, როცა მმართველი პარტია პარლამენტში „რუსული კანონის“ ხსენებაზე დეპუტატებს მიკროფონს ურთავდა და დარბაზიდან აძევებდა, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ე.წ. სადემარკაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. მაშინ, როცა ხშირად კითხულობენ, რას ნიშნავს უკრაინაში რუსეთის შესაძლო წარმატება ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვის, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის, რომელიც რუსული აგრესიის სამიზნე მანამდე ბევრად უფრო ადრე გახდა და რომელიც მცოცავი ოკუპაციის პირისპირაა?
- ჩვენთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, სამოქმედო პრინციპი ასეთია: არ არსებობს ვარიანტი, როცა რუსეთი იმარჯვებს. ესაა ის, რასაც ვგულისხმობთ, როდესაც რუსეთის სტრატეგიულ მარცხზე ვსაუბრობთ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს საშუალება დააგროვოს სამხედრო შესაძლებლობები, ან რაიმე სხვა კუთხით საფრთხე შეუქმნას მის მეზობელ ქვეყნებს. ესაა რუსეთის სტრატეგიული მარცხი. ეს არაა მხოლოდ სამხედრო მარცხი ბრძოლის ველზე, მაგრამ მისი დაუძლურება ისე, რომ ვერ შეძლოს სამხედრო საფრთხის შექმნა ვერცერთი სუვერენული სახელმწიფოსთვის. იგივე ეხება საქართველოსაც.
უნდა გაგრძელდეს მტკიცე პოზიცია ოკუპაციის არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისადმი. ცხადია, არ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო რა იქნება 10 ან 15 წლის შემდეგ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას სულ უნდა გვახსოვდეს და ვიმეორებდეთ, რომ ამ ქვეყნის 20 % უკანონოდაა ოკუპირებული რუსეთის მიერ. მე მჯერა, რომ საერთაშორისო სამართალი და პრინციპები გაიმარჯვებს, მჯერა ამ რთულ ვითარებაშიც კი, რომელშიც ვართ. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთის ეს სტრატეგიული მარცხი სწრაფად დადგეს. ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობა ამ პროცესის შუაგულში იყოს და არ მოქმედებდეს მის საწინააღმდეგოდ.
- თქვენი ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც ქართული პუბლიკაციების სათაურებში მოხვდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ეხებოდა, რომელიც საქართველოში „ლატვიის საპატიო წარმომადგენელიცაა“. თქვენ ქალი კოლეგების მიმართ მისი შეურაცხმყოფელი განცხადება დაგმეთ. პარლამენტში რამდენიმე დღის წინ ფიზიკური დაპირისპირებაც ვნახეთ, ამჯერად ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან. არჩევნებამდე სულ რაღაც 6 თვით ადრე, რა მოლოდინი არსებობს, ან რა სტანდარტით ისურვებდით, რომ წარმართულიყო პოლიტიკური დისკუსიები კანდიდატი ქვეყნის პაარლამენტში?
- ნამდვილად სამწუხაროა, რომ ასეთი რიტორიკა მოდის პარლამენტის წევრისგან ვფიქრობ, პარლამენტარებმა ურთიერთპატივისცემის სტანდარტი უნდა დაამკვიდრონ, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა. მე აქაც ვხვდები კანონმდებლებს, რომლებიც ღიად ეწინააღმდეგებიან უკრაინის დახმარებას, მაგრამ მათთან ჩხუბს არ ვაპირებ. ვცდილობ გავიგო მათი ლოგიკა, მათი მიზეზები, ვესაუბრო და დავარწმუნო. ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე. ამგვარი მიდგომა ცხადია მიუღებელია. და არ მგონია ეს კარგი იყოს საქართველოს ზოგადი იმიჯისთვისაც. ყველა პარლამენტში გვაქვს გაცხარებული დებატები და მწვავე დაძაბულობა, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ჩვენ საზოგადოებისთვისაც მაგალითი ვართ, პარლამენტი საზოგადოების სარკეა…