გერმანია მზადაა უკრაინას 50-მდე ტანკი მიაწოდოს

გერმანული კომპანია „რაინმეტალის“ ემზადება უკრაინას 50-მდე საბრძოლო ტანკი „ლეოპარდ 1“ მიაწოდოს. ამის შესახებ გაზეთმა „ჰანდელსბლატმა“ სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია. ეს ტანკები უკვე გამოიყენება გერმანიის ჯარის მიერ.

„რაინმეტალმა“ შესაძლოა თავისი ფილიალის, „რაინმეტალ იტალიას“ მეშვეობით პირველი ტანკები ექვს კვირაში მიაწოდოს, დანარჩენები კი შემდეგი სამი თვის განმავლობაში, თუ გერმანიის მთავრობისგან მწვანე შუქი ექნება, თქვა კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა.

ასევე ნახეთ: გერმანიის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინში შეცდა

მან თქვა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები, თუ ისინი გაწვრთნილი სამხედროები არიან, „ლეოპარდ 1“ ტანკების შესწავლას რამდენიმე დღეში შეძლებენ.

ზოგიერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ უკრაინელებისთვის დასავლური იარაღის გამოყენების სწავლებას დიდი დრო სჭირდება და უკეთესი იქნება ისეთი აღჭურვილობა გაიგზავნოს, რომლის გამოყენებასაც დაოყოვნებლად შეძლებენ.

გაზეთ „ჰანდელსბლატის“ ცნობით, პოლიტიკოსები გერმანიის კოალიციური მთავრობიდან, რომელიც სოციალ-დემოკრატებისგან, „მწვანეებისგან“ და თავისუფალი დემოკრატებისგან შედგება, „ლეოპარდ“ ტანკების მიწოდების იდეის მიმართ გახსნილი არიან.

ორშაბათს, ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა თქვა, რომ უკრაინას გერმანიიდან იარაღი სწრაფად უნდა მიეწოდოს, რადგან აღმოსავლეთიდან თავდასხმა გარდაუვალია.