"როიტერი": უკრაინაში რუსი დაქირავებული მებრძოლების რაოდენობა იზრდება

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დასავლეთის უსაფრთხოების მაღალი რანგის სამმა წყარომ თქვა, რომ ბოლო კვირებში უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საჯაშუშო უწყებასთან დაკავშირებული რუსი დაქირავებული მებრძოლების რიცხვი გაიზარდა, რაც ნატოს ზოგიერთ წევრში იწვევს შიშს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის მიზეზს შექმნის.

წყაროებმა თქვეს, რომ ბოლო კვირებში გაძლიერდა მათი შეშფოთება, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას შეიძლება წინ უძღოდეს საინფორმაციო ომი და უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ელექტრო და გაზის ქსელები, კიბერ-თავდასხმები.

ასევე ნახეთ: ბელარუსი აცხადებს, რომ 30 რუსი მებრძოლი დააკავა

"როიტერის" ინფორმაციით, რუსეთს ასევე შეუძლია დაქირავებულები გამოიყენოს, რათა განხეთქილება დათესოს და მიზანმიმართული მკვლელობებით და სპეციალური იარაღის გამოყენებით უკრაინის პარალიზება მოახდინოს.

კვირას, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოთქვა გაფრთხილება, რომ შეჭრის გასამართლებლად, რუსეთს უკრაინის შიგნით, „ყალბი დროშის ქვეშ“ ოპერაციის დაგეგმვა შეეძლება.

დასავლეთის უსაფრთხოების წყაროებმა თქვეს, რომ დაქირავებულები აჰყავთ კერძო სამხედრო კომპანიებიდან, რომლებიც „სუკის“ მემკვიდრე „ფსბ“-სთან და „გრუ“-სთან, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოსთან არიან დაკავშირებული.

ორშაბათს, კრემლმა „როიტერს“ უთხრა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარ ყოფნას არ აძლიერებდა და რუსული ჯარი იქ არასდროს ყოფილა და არც ახლა იმყოფება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დასავლეთის ბრალდებებზე წერილობითი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. „როიტერმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი დაქირავებულების მოქმედების შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.

ჰიბრიდული ომი

რამდენიმე ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა „როიტერს“ უთხრა, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოხატა შეშფოთება, რომ რუსეთს შეეძლება გამოიყენოს დაქირავებულები, სპეციალური ოპერაციების ძალები და სხვა ე.წ. „რუხი ზონის“ საომარი მეთოდები, რათა შეჭრის წინ კიევის დელგიტიმიზაცია მოახდინოს.

პენტაგონმა „როიტერს“ მიუთითა უწყების პრეს-მდივან ჯონ კირბის შენიშვნებზე, რომელმაც ამ თვის დასაწყისში თქვა, რომ რუსეთი შეჭრის მიზეზის გამოგონებას ცდილობდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ და სხვა კერძო ჯგუფები რუსეთის სახელმწიფოს არ წარმოადგენენ და მისგან გასამრჯელოს არ იღებენ, თუმცა თქვა, რომ მათ აქვთ მუშაობის უფლება იმ პირობით, თუ ისინი რუსულ კანონმდებლობას არ დაარღვევენ.

გასულ წელს ევროკავშირმა „ვაგნერს“ სანქციები დაუწესა. ამ ჯგუფს ბრალი ძალადობის გაღვივებაში, ეროვნული რესურსების მიტაცებაში და მთელ მსოფლიოში ქვეყნების დესტაბილიზაციაში დასდეს.

რუსეთი უარყოფს უკრაინის სხვა ნაწილის ანექსიის გეგმებს და პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი ისტერიას თესავს. ეს იმის უხეში მცდელობაა, რომ ცივი ომის შემდეგ ნატოს გაფართოების შესახებ კრემლის შეშფოთების იგნორირების შემდეგ, რუსეთი ომში შეიტყუოს.