დებატები მიტ რომნისთვის სერიოზული გამოცდა ხდება

დებატები მიტ რომნისთვის სერიოზული გამოცდა ხდება

სამხრეთ კაროლინაში გამართულ დებატებზე მსჯელობა მთელ რიგ საჭირბოროტო საკითხებზე მიმდინარეობდა, ეკონომიკური საკითხებით დაწყებული, საერთაშორისო ურთიერთობებით დამთავრებული. თუმცა, რა თემაზეც არ უნდა ყოფილიყო კამათი, თავდასხმების ფოკუსში მხოლოდ მოწინავე რესპუბლიკელი კანდიდატი და საპრეზიდენტო ნომინაციის ყველაზე რეალური პრეტენდენტი, მიტ რომნი გახლდათ.

ნიუტ გინგრიჩმა და რიკ პერიმ მიტ რომნის ბიზნესმენობის პერიოდზე გაამახვილეს ყურადღება და მოუწოდეს ამომრჩევლებს კარგად გასცნობოდნენ მის კომპანიას „ბეინ კაპიტალს“. ბატონი გინგრიჩის თქმით იმ კომპანიების დიდმა ნაწილმა, რომლებიც „ბეინ კაპიტალმა“ შეისყიდა, უზარმაზარი კრედიტებით და ბანკროტობით დაასრულა არსებობა:

გუბერნატორს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის უამრავი შესაძლებლობა აქვს. ის მოვალეა ფაქტები და მონაცემები წარმოადგინოს. ეს მისი, როგორც კანდიდატის პასუხისმგებლობაა. მიმაჩნია, რომ ეს კამპანიის პრაიმერების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს: დაისვას კითხვები და შემოწმდეს, თუ რამდენად ეფექტურად გასცემს მათ პასუხს კანდიდატი. ისე რომ მთავარი არჩევნებისთვის ის მზად იყოს“.

ტეხასის გუბერნატორმა, რიკ პერიმ, რესპუბლიკელთა პრაიმერების ლიდერს საშემოსავლო გადასახადების სასწრაფო გამოქვეყნება მოსთხოვა და კიდევ ერთხელ შეახსენა ამომრჩევლებს, რომ მან საკუთარი შემოსავლების ნუსხა ჟურნალისტებს უკვე გადასცა.

თქვენი საშემოსავლო გადასახადების საზოგადოებისთვის ღიად წარდგენაა საჭირო. ამ ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რა გზით იშოვეთ თქვენ ფული“.

ამაზე მიტ რომნიმ ტეხასელ გუბერნატორს უპასუხა, რომ დასამალი არაფერი აქვს და ყველაფერს რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს. რაც შეეხება ნიუტ გინგრიჩის ბრალდებას, ბატონი რომნის თქმით მისმა კომპანიამ 100 ბიზნესში გააკეთა წარმატებული ინვესტიცია, ასე რომ რამდენიმე გაბანკროტებული კომპანიის მაგალითი მის მფლობელობაში მყოფი „ბეინ კაპიტალის“ საქმიანობის სრულ სურათს არ ასახავს.

ოთხმა კომპანიამ, რომლებშიც ჩვენ მხოლოდ კაპიტალი დავაბანდეთ და რომელთა ბიზნესებს ჩვენ არ ვმართავდით, დღეისათვის 120 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ზოგიერთ კომპანიაში დაბანდება ასეთივე წარმატებით არ მოხდა და პირიქით, მათ სამუშაო ადგილები დაკარგეს“.

დებატების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე წინასაპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა ჯონ ჰანთსმანი, იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი. ასე, რომ ნომინაციის პრეტენდენტთა სია 5 კანდიდატზე დავიდა. და იმის მიუხედავად, რომ ჰანთსმანიც მანამდე ჩატარებულ თითქმის ყველა დებატებზე მიტ რომნის კრიტიკით იყო დაკავებული, მან მხარი ისევ მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორს და რესპუბლიკელ კანდიდატთა პრაიმერების ლიდერს დაუჭირა.

პოლიტოლოგები, ექსპერტები და თავად ნიუტ გინგრიჩიც აღიარებს, რომ თუკი რომნი პრაიმერს ამ კვირაშიც მოიგებს, მას ნომინაცია პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. საზოგადოებრივი გამოკითხვებით, რომლებიც კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა, მიტ რომნისთვის კონკურენციის გაწევის უნარი მხოლოდ რონ პოლს აქვს.

„სი-ენ-ენის“ მონაცემებით სამხრეთ კაროლინაში რომნის პოპულარობა 48 პროცენტს შეადგენს. 47 პროცენტით მეორე ადგილზე პრეზიდენტი ობამაა და 46-ით კონგრესმენი რონ პოლი მესამე ადგილს იკავებს.