გუშინ საღამოს ფლორიდაში მორიგი საპრეზიდენტო დებატები გაიმართა.
დაწყებისთანავე, რესპუბლიკელი კანდიდატების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება მტრული და უკიდურესად დაძაბული იყო. მიტ რომნიმ ყველაზე მეტად წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი გააკრიტიკა. მისი თმით, გინგრიჩი ადვილად ექცევა პოლიტიკური გავლენის ქვეშ. მან საზოგადოებას ასევე შეახსენა, რომ გინგრიჩი ფინანსურ გიგანტ ფრედი მეკ-ში მუშაობდა, რომელმაც, ექსპერტების აზრით, ამერიკაში უძრავი ქონების ბაზარზე ფინანსური კრიზისი გამოიწვია.
რომნის განცხადებით, ის გინგრიჩის მიმართ განსაკუთრებით აგრესიული მას შემდეგ გახდა, რაც გინგრიჩმა მასზე პირადი იერიში მიიტანა სამხრეთ კაროლინას პრაიმერების წინ. სამხრეთ კაროლინაში გინგრიჩი რესპუბლიკური პარტიის ფავორიტად გამოიკვეთა.
„ყველა მხრიდან თავდასხებს ვიგერიებდი და არ ვაპირებ ჩუმად ვიჯდე და ეს ყველაფერი საპასუხო ცეცხლის დაბრუნების გარეშე ავიტანო.“
რომნის კომენტარი არც გინგრიჩმა დატოვა უპასუხოდ. მისი თქმით, რომნი ცდილობს დეზინფორმაცია გაავრცელოს მის შესახებ. გინგრიჩმა რომნის 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიიდანაც გაიხსენა რამდენიმე ეპიზოდი და თქვა, რომ მასაჩუსეტის გუბერნატორს „სიმართლის თქმა არ აშეუძლია.“
„ყველამ ვიცით, რომ ამ პროცესში თავდასხმები ძალზე პერსონალური ხდება. ეს ძალიან საწყენია.“
გარდა ერთმანეთის კრიტიკისა, კანდიდატებმა პრეზიდენტი ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკაც კრიტიკულად განიხილეს.
რომნიმ აღნიშნა, რომ ირანის მიერ იმ მუქარის გაკეთება, რომ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს და იქ ნავთობის ტანკერების გადაადგილებას აღკვეთავს, ომის გამოცხადების ტოლფასია:
„აუცილებელია ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, საზღვაო ძალებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ჰორმუზი ღია დარჩეს.“
გინგრიჩის თქმით, ამერიკელებს ირანთან ომი არ სურთ, მაგრამ პრეზიდენტის პოლიტიკა თეირანს გაბედული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.
„ჩემი აზრით, დიდია იმის საფრთხე, რომ პრეზიდენტის სუსტი პოლიტიკის გამო ირანელებმა იფიქრონ, რომ ჰორმუზის გადაკეტვას სერიოზული შედეგების გარეშე შეძლებენ.“
ერთადერთი რესპუბლიკელი კანდიდატი, რომელმაც ირანთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრება წარმოადგინა, ტეხასის გუბერნატორი რონ პოლი იყო. მისი თქმით, ამერიკას უფლება არ აქვს ირანის სინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყოს:
„ხალხი არ არის მზად. ჩვენ ფული აღარ გვაქვს. ძალიან ბევრ ომში ვიბრძვით და ხალხს სახლში დაბრუნება სურს. ამ ეტაპზე ირანის წინააღმდეგ ომი ნამდვილად არაფერში გვჭირდება.“
რესპუბლიკელი კანდიდატებისთვის საარჩევნო კამპანიაში შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი ფლორიდაში მომდევნო კვირას გაიმართება. დღემდე სამი პრაიმერი ჩატარდა და თითოეულში სხვადასხვა კანდიდატმა მოიპოვა უპირატესობა - აიოვაში რიკ სანტორუმმა, ნიუ ჰემპშირში მიტ რომნიმ და სამხრეთ კაროლინაში ნიუტ გინგრიჩმა.
ამერიკის შტატებში პრაიმერები ივნისამდე გაგრძელდება. აგვისტოში კი რესპუბლიკური პარტიის ყრილობა გაიმართება, რომელიც იმ კანდიდატის ვინაობას დაასახელებს, რომელიც ნოემბერში არჩევნებზე პრეზიდენტ ობამას ოპონირებას გაუწევს.