ნიუ იორკის სტეიტენ აილენდის უნივერსიტეტის პროფესორებმა საქართველოში დევნილი მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე კვლევა დაწერა. კვლევის თანაავტორები პროფესორი პიტერ კაბაჩნიკი, ჯოანა რეგულსკა და ბეთ მიჩნეკი არიან. კვლევის ძირითადი დანიშნულება ქართველ და აფხაზ მოსახლეობაში ერთმანეთის მიმართ არსებული დამოკიდებულების გამოვლენა იყო. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ აფხაზები „მტრად“ ქართველებს მიიჩნევენ, ხოლო ქართველები კი აფხაზეთის კონფლიქტს რუსეთს უკავშირებენ და აფხაზების მიმართ მრტული დამოკიდებულება არ აქვთ.
პროფესორი კაბაჩნიკი აცხადებს, რომ ქართველებისა და აფხაზების მიერ ერთმანეთის ასეთი რადიკალურად განსხვავებული აღქმა სამომავლო დიალოგის შესაძლებლობას ამცირებს. შეხედულებების ჩამოყალიბებაში კი ორი ელემენტი თამაშობს როლს: ერთი მთავრობის პოლიტიკაა, რომელიც კონფლიქტის დაწყებიდან არსებობს და რუსეთს კონფლიქტის ძირითად მხარედ მიიჩნევს, მეორე კი თავად იძულებით გადაადგილებულ პირთა ინდივიდუალური ემოციები. ისინი აფხაზეთს უკიდურესი ნოსტალგიითა და სიყვარულით იხსენებენ, რაც მეორეს მხრივ იმედგაცრუებასა და აფხზაების მიმართ მტრობას თითქმის მთლიანად ფარავს.
პროფესორმა კაბაჩნიკმა განაცხადა, რომ გამოკითხული დევნილების უდიდეს ნაწილს აფხაზეთში დაბრუნება სურს. არის თუ არა ეს რეალობას მოკლებული ოცნება ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში დევნილები მზად არიან საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებუილ კვლევა 2007 წელს ჩატარდა. პროფესორი კაბაჩნიკის თქმით:
„2008 წლის ომის შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში გაჩნდა სხვა განცდა. მათ გააცნობიერეს, რომ თუ აქამდე დაბრუნების იმედი არსებობდა, ომის შემდეგ ეს იმედი განუსაზღვრელი ვადით იქნა შეწყვეტილი.“
კვლევის თანახმად არა-დევნილი და დევნილი მოსახლეობა აფხაზეთის დაბრუნებას განსხვავებულად აფასებს. დევნილებში დაბრუნების სურვილი ემოციებთან, ოჯახურ ღირებულებებთან და წარსულთან არის დაკავშირებული. საქართველოს სხვა კუთხეების მაცხოვრებლები კი, რომლებიც აფხაზეთში შეიძლება ნამყოფებიც არ არიან, გაცილებით ნაციონალისტურად უდგებიან აფხაზეთის კონფლიქტს. თუ დევნილებისთვის მისაღები იქნებოდა გარკვეულ დათმობებზე წასვლა და აფხაზეთში დაბრუნება, არა-დევნილი მოსახლეობისთვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კონფლიქტის გადაწყვეტის ნებისმიერ სხვა ელემენტს.
ეთნიკური კონფლიქტების შემთხვევაში, ნაციონალისტური დამოკიდებულება ჩვეულებრივი რეალობაა და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. თუმცა ერთი, რაც განასხვავებს აფხაზეთის კონფლიქტს სხვა მსგავსი დაპირისპირებებისგან არის ის, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთის შესახებ რადიკალურად განსხვვავებული მოსაზრება აქვს. ეს განსხვავებები კი ნებისმიერი სახის დიალოგის დაწყებას ხელს უშლის.
შეკითხვაზე თუ რას ფიქრობენ დევნილები ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის, საკუთარი უფლებების დაცვისა და საზოგადოებაში მათი სტატუსის შესახებ, ბატონმა კაბაჩნიკმა განაცხადა, რომ დევნილთა დიდმა ნაწილმა მთავრობის მიმართ უკმაყოფილება სწორედ ამ მიმართულებით გამოხატა.
„ეს უკმაყოფილება არ იყო რადიკალური ან პოლიტიკურად მოტივირებული. თუმცა, ის ცხადი იყო, რომ დევნილები ფიქრობენ, რომ მთავრობამ მათთვს უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რადგანაც ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან.“
კვლევის დროს დევნილთა უფლებების საკითხიც წამოიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ მათთან რომელიმე კონკრატულ უფლებაზე საუბარი არ ყოფილა, მკვლევარებმა შემდეგი დასკვნა გამოიტანეს:
დიდი ქალაქებიდან მოშორებით მცხოვრები დევნილები იზოლირებული არიან როგორც საინფორმაციო ასევე აღმოჩენილი დახმარების თვალსაზრისით. ერთი საინტერესო ელემენტი, რომლიც გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა არის ის, რომ კერძო საცხოვრებელებში მცხოვრები დევნილები გაცილებით იზოლირებული არიან ვიდრე ისინი, ვინც კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ასეთ ცენტრებში მიდიან ინფორმაციის გასავრცელებლად და დევნილების ის ნაწილი, რომელიც რეგიონებში ან კერძო საცხოვრებლებში ცხოვრობენ ინფორმაციას მათი უფლებების ან დახმარების შესახებ ვერ იღებენ.
კაბაჩნიკის თქმით, დევნილებთან და არა-დევნილებთან საუბრისას გამოიკვეთა შეხედულება, რომ დევნილობა საზოგადოების მეორეხარისხოვანი წევრობის ნიშანია.
„დევნილობის სტიგმა ძალიანაა გავრცელებული, როგორც დევნილებში ასევე ზოგადად საზოგადოებაში. დევნილები აცხადებენ, რომ ისინი ისეთივე წევრები არიან საქართველოს საზოგადოების, როგორც ნებისმიერი არა-დევნილი.“
კვლევა მიანიშნებს, რომ საზოგადოების დევნილების მიმართ შედარებით სკეპტიკური დამოკიდებულება დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციას ხელს უშლის.
შეკითხვაზე, თუ რა რეკომენდაციები აქვთ კვლევის ავტორების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადასაჭრელად კაბაჩნიკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აფხაზეთს სურვილი აღარ აქვს საქართველოსთან რაიმე დათმობებზე წავიდეს. თუმცა, ამასთან ერთად აუცილებელია გაჩნდეს პოლიტიკური ნება, რომ ორივე მხარემ კონფლიქტში საკუთარი როლი გააცნობიეროს:
„კონცენტრაციის რუსეთზე გაკეთება და განცხადება, რომ რუსეთია კონფლიქტის უმთავრესი მიზეზი იმას ნიშნავს, რომ რეზოლუციის არც ერთი ეტაპი არ ითვალისწინებს აფხაზების პერსპექტივას. შესაბამისად, აფხაზები არასოდეს დათანხმდებიან მოლაპარაკებებს ან დიალოგის დაწყებას თუ კონფლიქტის მხარედ მათი აღიარება არ მოხდა.“
კვლევის კიდევ ერთი რეკომენდაცია აფხაზებსა და ქართველებს შორის სოციალური კავშირების გაღრმავებაა. ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდული პროგრამები, რომლებსაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე აკეთებს ან ეკონომიკური კავშირები, რომლებიც აფხაზეთის მოსახლეობას რუსეთის ალტერნატივას დაანახებს.
აფხაზურ პრესაში უწყვეტად ხდება საქართველოსა და ქართველების მტრად წარმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა აფხაზებს ქართველებთან შეხება არასოდეს ჰქონიათ, მათი საქართველოს მიმართ დამოკიდებულება მეტად აგრესიულია. მტრის სტერეოტიპის მოსახსნელად, საქართველომ საზოგადოებრივი კავშირებს და ახალგაზრდა თაობების აქტიურ ურთიერთობას უნდა შეუწყოს ხელი.