თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერაყის სამთავრობო ძალებმა მოკავშირეებთან ერთად ქალაქი მოსული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაანთავისუფლეს. ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი საერთაშორისო საზოგადოებას ომით დანგრეული ქალაქის აღდგენაში საკუთარი წვლილის შეტანსკენ მოუწოდებს.
ჯოლი 2001 წლიდან გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელია. ის კონფლიქტით განადგურებულ ქალაქებს და დევნილების თავშესაფრებს ხშირად ნახულობს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, 2017 წელი მთელ მსოფლიოში ლტოლვილთა რეკორდული რაოდენობით აღინიშნა. გასულ წელს 68.5 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი ომის, ძალადობის, ან დევნის შიშით. სააგენტოსვე მონაცემებით, მხოლოდ 5 მილიონმა ადამიანმა შეძლო გასულ წელს საკუთარ სახლში საცხოვრებლად დაბრუნება.
მოსულში ჯოლიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე განადგურებული ადგილია, სადაც მას სპეციალური წარმომადგენლის რანგში ცასვლა მოუწია.
„ამ ხალხმა ყველაფერი დაკარგა. მათ დიდი დანაკარგი განიცადეს, უზომოა მათი ტკივილი. ისინი მარტო არიან და დახმარება სჭირდებათ. ისინი ცხოვრებას ხელახლა, ცარიელი ხელებით იწყებენ“, უთხრა ჯოლიმ ჟურნალისტებს.
ჯოლიმოსულში რამადანის აღსანიშნავ დღესასწაულს დაესწრო. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ვებ-გვერდის მიხედვით, 2001 წლიდან, სპეციალური წარმომადგენლის რანგში ეს ჯოლის 61-ე ვიზიტია, ერაყში კი ის მეხუთედ ჩავიდა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ სამშაბათს, ჟენევაში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლტოლვილთა დაზუსტებული რაოდენობა 2016 წლის მონაცემებზე თითქმის 3 მილიონით მეტია. იძულებით გადაადგილებულთა უმეტესობა, ორ მესამედზე მეტი, სულ რამდენიმე ღარიბი, ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნიდანაა. ესენია: ავღანეთი, სირია, სამხრეთ სუდანი და კონგო.