პოროშენკოს პრიორიტეტი კორუფციის დამარცხება უნდა იყოს

უკრაინის ახალი პრეზიდენტი რეფორმების გატარებას გეგმავს, რომლებიც ქვეყანას შედარებით ნაკლებად კორუმპირებულს და უფრო გამჭვირვალეს გახდის. ამ ცვლილებების განსახორციელებლად პარლამენტის შეცვლაც საჭირო იქნება.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს პეტრო პოროშენკო ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ დაასრულებდა კლეპტოკრატიას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს განსაკუთრებით გაძლიერდა უკრაინაში.

მისი არჩევა კიევში მეიდანზე იანვარ-თებერვალში დაწყებული პროცესების ერთ-ერთი შედეგი იყო. მაშინ საპროტესტო დემონსტრაციების დროს სულ ცოტა 100 ადამიანი დაიღუპა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი სარა მენდელსონი ამბობს, რომ დემონსტრაციების დაწყების ერთ-ეთი საფუძველი მთავრობის ანგარიშვალდებულების არ არსებობა იყო.

„ეს იყო მოძრაობა, რომელიც გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ითხოვდა. მთავრობას ამ მიმართულებით ხალხისგან დიდი მახარდაჭერა აქვს. 25 მაისს, როცა უკრანის მოსახლეობამ ხმა პოროშენკოს მისცა, მათ სწორედ ამ საკითხებს უყარეს კენჭი.“

საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას პოროშენკომ განაცხადა, რომ სურს ხალხსა და მთავრობას შორის „ნაციონალური ანტი-კორუფციული შეთანხმება დაიდოს.“

მიუხედავად სურვილისა, მას ამ შედეგის მოტანა მარტოს უკიდურესად გაუჭირდება. მას უკრაინის პარლამენტის - რადას - მხარდაჭერა დასჭირდება რეფორმების პაკეტების დასამტკიცებლად. ანტი-კორუფციული ჯგუფები აცხადებენ, რომ აუცილებელია მოეწყოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმ ადამიანების პარლამენტიდან გამოსარიცხად, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის რეჟიმს აქტიურად უჭერენ მხარს.

ერთ-ერთი რეფორმისტის განცხადებით, ყველაზე პრიორიტეტული საკითხი დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მოქნილი ანტი-კორუფციული სამსახურის შექმნა უნდა იყოს. დარია კალენიუკი კიევის ანტი-კორუფციული ცენტრის წარმომადგენელია. ის ამერიკის ხმას სკაიპის მეშვეობით ესაუბრა:

„ეს ახალი სამართალდამცავი ორგანიზაცია იქნება და მას მკაცრად განსაზღვრული ფოკუსი ექნება. ეს უწყება გამოიძიებს პოლიტიკური კორუფციის საკითხებს, მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ ძალაუფლების გადაჭარბების და სახელმწიფო თანხების მოპარვის შემთხვევებს.“

ანტი-კორუფციული სამსახური, კალენიუკის აზრით, აუცილებლად განსახორციელებელი სამი რეფორმიდან ერთ-ერთი უნდა იყოს. დანარჩენ ორში ის სახელმწიფო შესყიდვებში მეტი გამჭვირვალობის დანერგვას და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში გატარებასა და კომპანიების მესაკუთრეების ვინაობის გამჟღავნებას მოიაზრებს.

ანტი-კორუფციული მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობამ ხელიდან არ უნდა გაუშვას დღეს არსებული შესაძლებლობები ამ რეფორმების გასატარებლად:

„უკრაინას უნიკალური შანსი აქვს სისტემის ისე შესაცვლელად, რომ კორუფცია წესებიდან გამონაკლისს წარმოადგენდეს და არა წესს. მაგრამ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის გარეშე უკრაინა და მისი მთავრობა არ შეიცვლება.“

პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2014 წლის ბოლოსკენ სურს. თუმცა, დემოკრატიული მმართველობის სპეციალისტები კიევს მოუწოდებენ არჩევნები გაცილებით მალე - დაახლოებით სამ თვეში - დანიშნოს, რათა რეფორმების პაკეტების დამტკიცება და განხორცილება რაც შეიძლება მალე დაიწყოს.