ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირას უკრაინაში გლოვის დღე აღინიშნა


ქვეყანამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ 49 ჯარისკაცს, რომელიც შაბათს, პრო-რუსული მებრძოლების მიერ უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაიღუპა

კიევის ცენტრში მდებარე ტაძარში ადამიანთა დიდი ჯგუფები გულმოდგინედ ლოცულობდნენ. წლის დასაწყისში გამართული საპროტესტო დემონსტრაციების დროს, რომლებსაც შედეგად. პრო-რუსული პრეზიდენტის ხელისუფლებიდან განდევნა მოჰყვა, ეს ტაძარი მომიტინგეებს თავშესაფრით და სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობით უზრუნველყოფდა.

ტაძრის გარეთ, ახალგაზრდა ჯარისკაცმა, რომელიც გაგვეცნო, როგორც რიგითი ნიკოლაი თქვა, რომ უთანაგრძნობს იმ ადამიანებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს.

ის ამბობს, რომ მან, როგორც ჯარისკაცმა, იცის რას ნიშნავს, როცა დედა შვილს კარგავს, იცის რას გრძნობენ მეთაურები და სხვები, როცა იცავენ თავის ქვეყანას, თავის უკრაინას, თავის შვილებს. ის ამბობს, რომ ჯარისკაცები იმ ფიცის შესაბამისად იქცევიან, რომელიც მათ უკრაინის ინტერესების დასაცავად დადეს, ისინი თავის მოვალეობას ასრულებენ.

ხანდაზმული ქალბატონი ზინაიდა, ჩრდილოეთ უკრაინიდან, ამბობს, რომ რუსეთში ათ წელიწადზე მეტხანს იცხოვრა.

ის ამბობს, რომ ახლაც კი, ომის დროს, უკრაინელებს რუსი ხალხი არ სძულთ. მისივე თქმით, ორივე ქვეყნის ლიდერები „ბევრ რამეზე არიან პასუხისმგებელნი“ და არ ესმის თუ ეს ორი ქვეყანა, რომელთაც ამდენი რამ აქვს საერთო, რატომ ებრძვის ერთმანეთს და შერიგებისკენ მოუწოდა.

მაგრამ სხვებმა ბევრად უფრო ცუდი გრძნობები გამოხატეს. შაბათს, რუსეთის საელჩოსთან 300 დემონსტრანტი შეიკრიბა.

მას შემდეგ, რაც პრო-რუსულმა სეპარატისტებმა რუსულენოვან აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო კამპანია წამოიწყეს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას ცდილობენ. ორი ქვეყანა ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლის წინაშეც დგას იმ პირობებში, როცა რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

კიევის ქუჩაში, პენსიონერ გეოლოგ ვასილი მიხაილოვიჩს რუსეთის ლიდერისთვის კარგი სიტყვები არ აღმოაჩნდა.

ის ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სძულს და მას ურჩხულს უწოდებს. არსებულ მდგომარეობას ის კოშმარს და უბედურებას უწოდებს, რაც „უკრაინის ერთგვარ დასასრულს“ ნიშნავს.

უკრაინის კოსმოპოლიტურ დედაქალაქში, ბაროკოს სტილის არქიტექტურით და ტროტუარის ელეგანტური კაფეებით, სადაც რუსული ჯერ ისევ ყველაზე გავრცელებული ენაა, ასეთი სიტყვები სულ უფრო ხშირად ჟღერს.

კიეველები ამბობენ, რომ მიესალმებიან ახალ პრეზიდენტ პოროშენკოს მიზანს, ქვეყანა ევროკავშირში შეიყვანოს. მაგრამ მიმდინარე ძალადობის ფონზე, პოროშენკოს წინ უფრო გადაუდებელი ამოცანები აქვს.

კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე, ჭუჭყიან საველე ფორმაში გამოწყობილი ნაციონალისტები და უკანასკნელი მოდის მიხედვით ჩაცმული, მიმზიდველი გარეგნობის ქალბატონები ერთად იდგნენ და გაიძახოდნენ: „დიდება უკრაინას!“

წვიმის ქვეშ მიმდინარე დემონსტრაციაზე, ლიდერებმა უკრაინელებს საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად ბრძოლისაკენ მოუწოდეს.

დემონსტრანტების ეს ლიდერი ამბობს, რომ მათ სურთ უკრაინა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული ქვეყანა.

იქვე ახლოს, ლურჯ-ყვითელი ეროვნული დროშა ნახევრად დაშვებული ფრიალებდა და მწუხარების და დაუმორჩილებლობის ნაზავს უფრო აძლიერებდა.
რუსეთის და უკრაინის დაპირისპირების პირობებში ჩნდება კითხვა, რომელი ემოცია გადაწონის.
XS
SM
MD
LG