დევიდ კრამერი -ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“- პრეზიდენტი „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციას ესაუბრა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ ანგარიშს („გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები - 2014“) და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს ეხება.
რა შემთხვევაში შეიძლება უკრაინის წარმატებაზე საუბარი, რა იქნებოდა წარმატების ნიშანი ამ სიტუაციაში?
წლევანდელ ანგარიშში საუბარია იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც უკრაინა 2013 წელს აღმოჩნდა. ჩემი აზრით, უკრაინაში ყველაზე ნათელი წერტილი არამარტო გასულ წელს, არამედ მთელი ბოლო ათწლეულის მანძილზე, ეს იყო გაააქტიურებული სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოებაში შექმნილმა ძალიან ძლიერმა მოძრაობამ უბრალოდ ხელის ჩაქნევაზე უარი განაცხადა. იქნებოდა ეს 2004 წელს ახალი არჩვნებისთვის მოწოდება, შემდეგ ფართოდ მხარდაჭერილი ე.წ. „ნარინჯისფერი გუნდისადმი“ იმედგაცრუება, თუ იანუკოვიჩის ძალაუფლებაში მოსვლის ფაქტი და მისი მმართველობით გაღიზიანება.
ბოლოს და ბოლოს, გასულო წლის შემოდგომაზე გადაწყვიტეს, რომ საკმარისად ითმინეს. უკრაინელებს სურდათ უფრო ანგარიშვალდებული ხელისუფლება ყოლოდათ, უფრო დემოკრატიული მთავრობა, მეტი გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, კორუფციის დაძლევა, ევროპისკენ ორიენტაცია, თუმცა არ არის აუცილებელი ეს რუსეთთან ურთიერთობის ხარჯზე მომხდარიყო. ვფიქრობ, როცა საუბარია სამოქალაქო საზოგადოებაზე, უკრაინა რეგიონს უზარმაზარ იმედს და შესაძლებლობებს სთავაზობს.
ჩემი აზრით, უკრაინაში ჟურნალისტებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. შემთხვევითი არ იყო, რომ ნოემბერში, დეკემბერში და ამ წლის დასაწყისშიც კი ჩვენ მოწმე გავხდით იმის, რომ უკრაინელ ჟურნალისტებს მთავრობა მიზანში იღებდა. ჟურნალისტები მათთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. ისინი გადმოსცემდნენ ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების შესახებ, სისტემატურად აშუქებდნენ მაიდანზე მომხდარ ფაქტებს. ასე რომ ვფიქრობ ეს ორი სფერო - სამოქალაქო საზოგადოება და მედია, რომელიც აუცილებელია რომ ასეთ ქვეყნებში პარტნიორები იყვნენ - იმედისმომცემად გამოიყურება.
რაც შეეხება გამოწვევებს, უკრაინა რა თქმა უნდა უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე იმყოფება. ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა და მისი ნაწილი დაიპყრო. ყირიმი, რომელზეც ბევრი აღარ ლაპარაკობს, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ რუსეთის შემადგენელ ნაწილად აღიარებული არ არის. ამას ემატება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალების ყოფნა, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს. ძალიან რთულია სახელმწიფოს ეფექტურად მართვა, როცა რუსეთი ქვეყნის მთელი პოტენციალის თავდაყირა დაყენებას ცდილობს.
ხედავთ თუ არა სტაბილიზაციის შესაძლებლობას აღმოსავლეთ რეგიონში, კერძოდ დონეცკში და რა იქნებოდა სტაბილურობის დამყარების მთავარი ელემენტები?
მე ვთვლი, რომ ეს პრეროგატივა უკრაინის მთავრობას ენიჭება. კიევს ეკისრება რეგიონში წესრიგის აღდგენის მთელი პასუხისმგებლობა და მოვალეობაც, მათ შორისაა: იქ მყოფი უცხოეთის ძალების განდევნა, სამთავრობო შენობების დაბრუნება, კანონის და წესრიგის აღდგენა, ასევე სხვადასხვა ჯგუფებისადმი პატივისცემა, ჟურნალისტების მიმართაც. ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის სტაბილიზაციის შესაძლებლობა და ძველი რეალობის დაბრუნების შანსი.
ამავე დროს ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა აქამდე ასეთი დაყოფილი ქვეყანა არ ყოფილა. ეს უთანხმოებები და უწესრიგობა გარედანაა თავსმოხვეული. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, რომ ცოტა აჭარბებენ, როცა დანაწევრებულ უკრაინაზე საუბრობენ და მას ამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ. თუ დავფიქრდებით, ქვეყანაში მხოლოდ 17-18 პროცენტია ეთნიკურად რუსი. ძალიან ბევრი უკრაინელი უბრალოდ რუსულენოვანია. ასევე უნდა დავაკვირდეთ გამოკითხვებს, რომელიც იქ ჩატარდა. უკრაინელთა უდიდეს უმრავლესობას, არამარტო ცენტრალურ უკრაინაში, ან დასავლეთ უკრაინაში, არამედ - აღმოსავლეთით და სამხრეთითაც, სურს რომ ქვეყანა ერთიანი იყოს. უმრავლესობას იქ რუსული ძალების ყოფნა არ უნდა, არც რუსული პოლიტიკის მიმართ არიან კეთილგანწყობილი. მაინც და მაინც არც კიევის ხელისუფლება მოსწონთ, განსაკუთრებით - გარდამავალი მთავრობა და არც იანუკოვიჩის ძალაუფლებაში მობრუნება სურთ. მან ყველანაირი ნდობა და პოპულარობა დაკარგა.
შეცდომად ვთვლი უკრაინაში სამოქალაქო ომზე საუბარს. ეს სამოქალაქო ომი არ არის. ეს არის ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო. ეს უფრო რუსეთს და უკრაინას შორის ომია, რაც ძალიან არასასურველია. მართალია პუტინი წარმატებით იყენებს ხალხის განწყობის ზოგიერთ სეგმენტს, რომელიც იქ დანამდვილებით არსებობს, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან და ეს არ ასახავს უმრავლესობის აზრს და შეხედულებებს.
პრეზიდენტ პოროშენკოს წინ ძალიან დიდი მიზანი აქვს, მან უნდა აღადგინოს უკრაინის ერთობა და დაანახოს ყველას, რომ ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია. კიდევ ერთხელ: ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია.
რუსეთი რჩება და მომავალშიც დარჩება უკრაინის დიდ მეზობლად. რამდენად არიან ისინი მზად რაიმე კომპრომისისთვის?
ვიდრე კომპრომისზე ვისაუბრებდეთ, დასავლეთმა ორი რამის გაკეთება უნდა შეძლოს. მან უკრაინულ ძალებს ლეტალური იარაღით მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს, რათა მათ რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა შეძლონ. უკრაინელებმა ეს მოითხოვეს, მაგრამ ჩვენ თავს ვიკავებდით. მე მიმაჩნია, რომ დადგა დრო, როცა ამგვარი დახმარება უკრაინელებს უნდა მივაწოდოთ.
თუ დროში უკან დავბრუნდებით და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომს გადავხედავთ, მაშინ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ძალები ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე აიყვანა და სამშობლოში დააბრუნა. ადმირალმა მალენმა დაურეკა რუს კოლეგას და გააფრთხილა ის, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ და არ ჩაგვერიოთო. ამან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასრულებას შეუწყო ხელი.
თუკი ახლა გამოვაცხადებთ, რომ ჩვენ უკრაინულ ძალებს ლეტალურ ახმარებას მივაწვდით, რათა მათ საზღვრები და საკუთარი თავი დაიცვან, იმისათვის რომ ქვეყნის აღმოსავლეთში კანონიერი გზით წესრიგი აღადგინონ, ეს შესაძლოა კრემლისთვის გაგზავნილი ძლიერი სიგნალი იყოს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვხუმრობთ და ვაღიარებთ უკრაინის თავდაცვით საჭიროებას.
მეორე: დასავლეთმა კიდევ უფრო მეტი სანქცია უნდა დააწესოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ახალი სანქციები ძალაში არ შევიდა, რუსეთს უკანდახევის საჭიროება არ გაუჩნდება. აქამდე დაწესებულ სანქციებს გარკვეული შედეგი ჰქონდა. თუკი გადავხედავთ იმას, თუ სად იყო დასავლეთის პოლიტიკა პირველ მარტს და სადამდე მოვიდა ახლა, დავრწმუნდებით, რომ უზარმაზარი ცვლილება მოხდა. თუმცა, ეს ნაბიჯები ჯერ კიდევ საპასუხო რეაქციაა და არა პროაქტიული ნაბიჯი. ამასთან - არასაკმარისიც. ვფიქრობ მიზანში უფრო მეტი რუსული კომპანიების ამოღებაა საჭირო. ისეთების, როგორიცაა როსნეფტი, გაზპრომი, ტრანსნეფტი, გაზპრომის ბანკი, ვნეშეკონომ ბანკი და ასე შემდეგ. ეს რუსი ოფიციალური პირების მეტ ყურადღებას მიიქცევს და დაანახებს მათ, რომ დასავლეთი საქმეს ძალიან სერიოზულად ეკიდება.
კანცლერმა მერკელმა და პრეზიდენტმა ობამამ 2 მაისს განაცხადეს, რომ თუკი რუსეთი არჩევნებს ხელს შეუშლის, ჩვენ ახალ სანქციებს დავაწესებთო. არჩევნები ჩატარდა, თუმცა მხოლოდ უკრაინელების ძალისხმევის ხარჯზე, მათი წინდახედულების, მონდომების, ერთგულების, აქტიურობის ხარჯზე, იმის მიუხედავად, რომ ძალზე რთული მდგომარეობა იყო. რუსეთის მხრიდან არჩევნებს ბევრგან ხელი შეეშალა. იყო ბევრი უბანი, მაგალითად დონბასში, სადაც არჩევნები არ ჩატარებულა. ყირიმში უზარმაზარ მოსახლეობას ხმის მიცემის საშუალება სრულიად წაერთვა. ასე რომ, უნდა შევწყვიტოთ ისეთი მუქარების წარმოთქმა, რომელსაც თანმიმდევრულად არ მივყვებით და დავანახოთ პუტინს და კრემლს, რომ ჩვენ ამ თემას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით.
თუკი ჩვენ ამ ორ საქმეს გავაკეთებთ, ჩვენ უკრაინას კრემლთან მოსალაპარაკებლად ბევრად უფრო ძლიერ პოზიციაში ჩავაყენებთ. თუმცა, თუკი წავაქეზებთ უკრაინელებს, რომ რუსებთან მოლაპარაკების მაგიდას ახლავე მიუჯდნენ, მაშინ ისინი წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან. რუსები ფიქრობენ, რომ ისინი იგებენ და როცა რუსები ასე ფიქრობენ, ისინი კომპრომისზე წამსვლელები არ არიან.
რატომ არ დაუწესეს რუსეთს ახალი სანქციები შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა?
შეერთებულმა შტატებმა იმიტომ შეიკავა თავი, რომ პრეზიდენტ ობამას განცხადებით, მისი სურვილია ამერიკამ და ევროკავშირმა ეს ნაბიჯი ერთად გადადგან. ეს ჩემი აზრით, იდეალური ვარიანტი იქნებოდა.