ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ მათ, ვინც კოვიდ-19 გადაიტანეს, შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაში ახალი კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდეთ.
საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ყოფილი ოფიციალური პირი, ექიმი სკოტ გოტლიბი, ტელეარხ “სი ბი ესის” კვირის პროგრამაში გამოვიდა და დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ახალი აღმოჩენების შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ სამი თვის განმავლობაში იმუნიტეტის ქონა ეჭვს არ იწვევს.
“თუმცა შესაძლებელია, რომ გქონდეთ იმუნიტეტის პერიოდი, რომელიც 6-დან 12 თვემდე გაგრძელდება. ეს უაღრესად ცვალებადია. ზოგიერთ ადამიანს ნაკლები იმუნიტეტი ექნება, სხვებს ცოტა მეტი, მაგრამ კარგი სიახლეა ის, რომ მათ შეძლეს იმის დოკუმენტურად დადასტურება, რომ ადამიანებს ნამდვილად სტერილური იმუნიტეტი აქვთ. სულ მცირე, სამი თვის და შესაძლოა მეტი ხნის განმავლობაში ხელმეორედ არ დაინფიცირდებიან”, თქვა გოტლიბმა.
ასევე ნახეთ: ახალგაზრდებსაც შეიძლება კოვიდ-19 მძიმე ფორმებში ჰქონდეთ - ჯანმო
ჯანდაცვის მუშაკებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს ადამიანების საკმაო რაოდენობის დარწმუნება, რომ დაავადების გავრცელების შესაზღუდად პირბადე ატარონ და სოციალური დისტანცირების წესები დაიცვან.
ამერიკელმა მეცნიერებმა თქვეს, რომ ინფექციური ნაწილაკები, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისგან 4.8 მეტრის მოშორებითაც კი აღმოაჩინეს. მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ 2 მეტრიანი სოციალური დისტანცირების რჩევა “უსაფრთხოების ყალბ შეგრძნებას” იწვევს და შესაძლოა შედეგად ადამიანების დიდი ჯგუფების დასნებოვნება მოჰყვეს. კვლევა ფლორიდის უნივერსიტეტში ჩატარდა, თუმცა მათ კოლეგებს ამ კვლევის შეფასება არ მოუხდენიათ.