პრეზიდენტ ტრამპის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ჰელსინკიში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთება მოჰყვა. მიმომხილველები ევროპასა და ამერიკაში ტრამპს პუტინთან რბილი ტონის გამო აკრიტიკებენ. ორი ქვეყნის ლიდერის პრესკონფერენციაზე, ყირიმის ანექსიის საკითხი თითქმის არ განხილულა.
„პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია ყირიმზე ცნობილია და ის რჩება ამ პოზიციაზე“, - თქვა პუტინმა. „ის საუბრობს ყირიმის არალეგალურ შეერთებაზე რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვაქვს“, - აღნიშნა პუტინმა. „ჩვენთვის, რუსეთის ფედერაციისთვის, ეს საკითხი დახურულია“, - დაამატა მან.
მიუხედავად იმისა, რომ კიევსა და ევროპაში, ტრამპის მიერ რუსი კოლეგის პოზიციის არ გაზიარებას სიხარულით შეხვდნენ, კონფერენციის ტონმა ამერიკის ბევრი მოკავშირე შეაშფოთა.
„ის, რომ ის ისე შორს წავიდა ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს, ამერიკასა და რუსეთს შორის გარკვეულწილად ცრუ მორალური ტოლობის ნიშნის დასმის კუთხით, ეს ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა“, - ამბობს მარკ გალეოტი, პრაღის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მკლევარი.
„ამ შეხვედრას არანაირი შედეგი არ ქონია, და პირიქით შორს იყო დასავლეთის დღის წესრიგისგან, შორს ისეთი საკითხებისგან როგორიცაა ყირიმის ანექსიის უკან წაღება“,- ამბობს ის.
ტრამპი-პუტინის სამიტი უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის MH17-ის რეისის ჩამოგდების ოთხი წლისთავს უძღვოდა წინ, რომელიც დამოუკიდებელი გამომძიებლების თქმით, რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა. რუსეთი კი ბრალდებებზე ადეკვატური პასუხისგან თავს იკავებს.