„დიდება ალაჰს! ბასაევი ისეთ მივლინებაში გაემგზავრა საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია!“ - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა გროზნოში სამშაბათს გახსნილი ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესზე მოწვეულ სტუმრებს. ჩეჩნეთის მთავრობის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით კონგრესზე 25 ქვეყნის დელეგატები ჩამოვიდნენ. სულ ამ ღონისძიებაში ათასზე მეტი პირი მონაწილეობს.
თავის მიმართვაში კადიროვმა აღნიშნა, რომ ჩეჩენმა ხალხმა მიაღწია ყველაფერს რაზეც ოცნებობდა. „ჩვენ გვსურდა ჩვენი რესპუბლიკის პატრიოტები და მეპატრონეები გამხდარვიყავით, ჩვენ მშვიდობა და თავისუფლება გვსურდა, ჩვენ ჩეჩნობა გვსურდა. დღეს ჩვენ რესპუბლიკას ვმართავთ. ისლამის კანონების შესასრულებლად ჩვენ სრული თავისუფლება და ყველა შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია განვუცხადოთ მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ მუსლიმანები და ჩეჩნები ვართ,“ აღნიშნა კადიროვმა.
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ „ისინი ვინც ომის გაჩაღებას ცდილობენ, ევროპაში იმალებიან და იქედან ჩეჩენი ხალხის გაყოფას ცდილობენ.“ კადიროვის თქმით, იგი არ დაუშვებს „ჩეჩენი ხალხით მანიპულირებას“ იმ პირების მიერ ვისაც „რუსეთის დაშლა სურს.“
რამზან კადიროვი თავის გამოსვლაში მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლა. მან იჩქერიის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი ხელმძღვანელი ახმედ ზაკაევი პირდაპირ დაადანაშაულა იმ თავდასხმის განხორციელებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ კადიროვის რეზიდენციაზე მოხდა. როგორც ცნობილია, 28 აგვისტოს მეამბოხეთა ჯგუფმა ხუსეინ გაკაევის მეთაურობით სოფელ ცენტოროიზე იერიში მიიტანა. კადიროვის რეზიდენცია სწორედ ამ სოფელში მდებარეობს.
„ეს იყო ზაკაევის სცენარი,“ აღნიშნა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ლონდონში მყოფ ახმედ ზაკაევს კადიროვის სოფელზე თავდასხმით იმ დროს პოლონეთში მიმდინარე ჩეჩნების ყრილობისთვის ყურადღების მიპყრობა სურდა. კადიროვი აღნიშნავს, რომ ხსენებული „შეკვეთის“ შესრულებისთვის ზაკაევმა გაკაევს მისცა დაპირება, რომ იგი მას „დარჩენილი ბანდ-ფორმირებების მეთაურად“ აღიარებს.
ინფორმაცია გადასახლებაში მყოფი იჩქერიის მთავრობის დაშლის შესახებ ზაკაევის კონტროლის ქვეშ მყოფმა საინფორმაციო საშუალებებმა ჯერ კიდევ ორშაბათს საღამოს გაავრცელეს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იჩქერიის მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ახმედ ზაკაევი ხელმძღვანელობს, მხარს უჭერს ჩეჩნეთში მოქმედი საველე მეთაურების კოლექტიურ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ხუსეინ გაკაევი „იჩქერიის სამხედრო ძალების მთავარსარდლად და მაჯლის შურის ლიდერად“ დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ მაჯლის შურა იჩქერიის თავდაცვის კომიტეტის ფუნქციებს არსულებს.
„ჩეჩნეთში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ჩეჩნური სახელმწიფოებრიობის სამართლებრივ სფეროს დაუბრუნდა,“ აღნიშნავს ახმედ ზაკაევი თავის განცხადებაში. ამით იგი იმას გულისხმობს, რომ ჩეჩნეთის ლეგიტიმურ ლიდერს გაკაევი წარმოადგენს და არა კადიროვი. ამას გარდა, ზაკაევი ფაქტობრივად რელიგიური ომის ანუ ჯიხადის წარმართვაზე უარს ამბობს და ამის ნაცვლად უპირატესობას ეროვნული თავისუფლების იდეას ანიჭებს. როგორც იტყობინებიან, იჩქერიის ახალი მთავრობის შემადგენლობას სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტი ანუ მაჯლის შურა ჩამოაყალიბებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახმედ ზაკაევის განცხადებამდე ინტერნეტზე ჩეჩნეთში მოქმედი საველე მეთაურების კოლექტიური მიმართვა გავრცელდა, რომლებმაც დოკუ უმაროვს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. ხსენებულ მიმართვაში აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ საველე მეთაურები „დაიცავენ ჩეჩნეთის ინტერესებს, რომლებსაც კავკასიის საემიროს ემირი უგულვებელყოფდა.“ ჯიხადისტებისგან განცალკევებულმა მეამბოხეების ჯგუფმა ლიდერად ხუსეინ გაკაევი აირჩია. გაკაევს რუსეთის ხელისუფლება აგვისტოდან ეძებს. მას რამზან კადიროვის საგვარეულო სოფელზე აგვისტოში მომხდარ თავდასხმაში ადანაშაულებენ.
ახმედ ზაკაევის გადაწყვეტილება დაემორჩილოს ჩეჩნეთში მოქმედ მეამბოხეებს და რამზან კადიროვის მცდელობა გადაიბიროს საზღვარგარეთ მყოფი ჩეჩნები წარმოადგენს ორ მოვლენას, რომელიც უდავოდ შეცვლის პოლიტიკურ მდგომარეობას როგორც ჩეჩნეთში ისე მის საზღვრებს გარეთ, აღნიშნავს ამერიკელი ექსპერტი პოლ გობლი.
პოლ გობლს მიაჩნია, რომ ერთის მხრივ ის, რომ ზაკაევი დაემორჩილება ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მეამბოხეებს ხელს შეუწყობს მეამბოხეთა მოძრაობის კონსოლიდაციას ეროვნული იდეის ირგვლივ, რაც თავის მხრივ აბათილებს იმ მტკიცებულებებს, რომ თითქოს ჩეჩენი მეამბოხეების მოძრაობა მთლიანად ისლამურ რადიკალიზმში გადავიდა.
მეორეს მხრივ რამზან კადიროვის მიერ ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესის გამართვა იმის მანიშნებელია, რომ ჩეჩნეთში მისი როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამგვარი ღონისძიებების ორგანიზება მას ძალაუფლების დამოუკიდებელ საფუძველს აძლევს, რაც მასზე მოსკოვის გავლენას ასუსტებს და თანამდებობიდან მის მოხსნას შეუძლებელს ხდის.
გობლი დარწმუნებულია, რომ ჩეჩენი მეამბოხეების გადაწყვეტილება ჯიხადის ნაცვლად ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლის სასარგებლოდ ადასტურებს იმას, რომ მოსკოვის სტრატეგია მცდარი აღმოჩნდა. რუსეთის ხელმძღვანელობის ფავორიტი რამზან კადიროვი ისლამს ეროვნულ იდეაზე ყოველთვის უფრო მაღლა აყენებდა, მაშინ როცა მტრად მიჩნეული ახმედ ზაკაევის მცდელობების გამო ჩეჩენი მეამბოხეების მოძრაობამ რადიკალურ ისლამზე უარი განაცხადა.