რამშტაინის შეხვედრა გადაიდო, ჯო ბაიდენი ქარიშხლის გამო ამერიკაში რჩება

რამშტაინის სამხედრო ბაზაზე დადგეგმილი შეხვედრა, სადაც უკრაინის მოკავშირეებს სამიტი უნდა ჩაეტარებინათ, გადაიდო. ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიზეზი, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მგზავრობის გეგმის გაუქმებაა. შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერების შეკრება სწორედ პრეზიდენტის ინიციატივა იყო.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ქარიშხალ "მილტონის" მოსამზადებელ სამუშაოებს და გადაუდედებელ გეგმებს უნდა დაუთმოს ყურადღება. გასულ თვეში ქარიშხალმა "ჰელენამ" 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ახლა კი ამერიკა მორიგ ქარიშხალთან გასამკლავებლად ემზადება.

რამშტაინის ბაზაზე, გერმანიაში შეხვედრა 10-13 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. "2024 წლის 12 ოქტომბრის ღონისძიება გაუქმებულია. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფთან დაკავშირებით, მოგვიანებით გავრცელდება",- ნათქვამია რამშტაინის საავიაციო ბაზაზე ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში.

შეხვედრის მიზანი იყო კიევისადმი ურყევი მხარდაჭერის ხაზგასმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები უდიდესი სამხედრო წნეხის ქვეშაა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი შაბათს განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი "მშვიდობის გეგმას" თავის მოკავშირეებს წარუდგენს.

კიევში, სამიტის გაუქმებასთან დაკავშირებით, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. გერმანიის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ თავდაცვის მინისტრები რამშტაინის ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ როდის მოხდება ეს.