როგორც მოსალოდნელი იყო, შეერთებული შტატების 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე, წარმომადგენელთა პალატაში ამ ეტაპზე რესპუბლიკელები დაწინაურდნენ. თუმცა, ე.წ. წითელი ტალღა და ორივე პალატაში რესპუბლიკელთა დამაჯერებელი გამარჯვება ჯერჯერობით არ იკვეთება. დემოკრატებმა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენეს და ოთხშაბათს დილით, არჩევნების მეორე დღეს, ისევ გაურკვეველია ის, თუ ვის ექნება უპირატესობა ამერიკის სენატში.
უახლესი მონაცემებით, რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს 11 მანდატს ართმევს. ეს ნიშნავს, რომ მათ უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო რაოდენობაზე 5-ით მეტი მანდატი ექნებათ.
ასევე ნახეთ: შუალედური არჩევნები 2022სენატს რაც შეეხება, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, გადამწყვეტ შტატ პენსილვანიაში, წინასწარი ინფორმაციით, არჩევნები დემოკრატმა ჯონ ფეტერმენმა მოიგო. მან ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი, პოპულარული ტელესახე, ექიმი მეჰმეტ ოზი დაამარცხა.
ამ ფაქტმა თეთრ სახლში განწყობა გამოაკეთა. დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "ტვიტერზე" მაშინვე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ის გამარჯვებულ დემოკრატებს ტელეფონით ულოცავს.
სენატის კონტროლის საკითხს ახლა 3 შტატის შედეგები წყვეტს, სადაც ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან. ესენია: არიზონა, ჯორჯია და ნევადა. ჯორჯიის შტატში დემოკრატი რაფაელ უორნოკის და რესპუბლიკელი ჰირშელ უოლკერის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა ერთმანეთთან იმდენად ახლოა, რომ ედისონის კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, სამხრეთის ამ შტატში 6 დეკემბერს განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნება. თუ მოვლენები მართლაც ასე წარიმართა, არ არის გამორიცხული, სენატის კონტროლის საკითხი მინიმუმ 6 დეკემბრამდე აღარ გაირკვეს. ეს არ მოხდება, თუ ნევადაში და არიზონაში დემოკრატმა კანდიდატებმა მოიგეს.
სენატში ხმები აქამდე თანაბრად იყო გადანაწილებული, 50 მანდატს რესპუბლიკელები ფლობდნენ და 50-ს დემოკრატები. თუმცა, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი დამატებითი ხმის უფლებით სარგებლობს, რის გამოც სენატს დემოკრატები აკონტროლებენ.
დაპირებისამებრ, გამარჯვება არჩევნების ღამით იზეიმა წარმომადგენელთა პალატის აქამდე რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა, კევინ მაკკართიმ. კონგრესმენმა თავისი მხარდაჭერებისთვის მიცემული დაპირება მართლაც შეასრულა. "როცა თქვენ ხვალ გაიღვიძებთ, ჩვენ უმრავლესობაში ვიქნებით და [დემოკრატი სპიკერი] ნენსი პელოსი უმცირესობაში იქნება" - დაწერა მან "ტვიტერზე" სამშაბათს ღამით.