პუტინის „წითელი ხაზები“ - რუსეთი და ბელარუსი დასავლეთის წინააღმდეგ 

მოსკოვი და მინსკი ერთიანდებიან და დასავლეთს აფრთხილებენ, რომ თუ რეგიონში ნატოს ინფრასტრუქტურა გაიზრდება და გაფართოვდება, საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ.

პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმების გაღიზიანება უკრაინაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებმა გამოიწვია, რომელშიც უკრაინელ სამხედროებთან ერთად ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებიც არიან ჩართულნი. წვრთნები გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა და ბელარუსმა პოლონეთის საზღვართან სამხედრო სწავლება ჩაატარეს.

ასევე ნახეთ: თალიბანის ვიცე-პრემიერი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელს შეხვდა

კრემლი თქმით, უკრაინაში ნატოს ინფრასტრუქტურის შესაძლო განთავსება პრობელმებს გამოიწვევს რადგან ეს „პუტინის წითელი ხაზებია“. განცხადება ჟურნალისტებთან რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ინფრაქსტრუქტურის პოტენციური გაფართოებაც კი გადაკვეთდა წითელ ხაზებს“, ამბობს პესკოვი. პარალელურად რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამ წუთებში უშიშროები საბჭოს სხდომას მართავს. შეხვედრა სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით ონლაინ იმართება და მასზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი უკრაინაში არსებული ვითარებაა.

კრემლის განცხადებას კიევში უკვე გამოეხმაურნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც "ტვიტერზე" დაწერა, რომ „პუტინის წითელი ხაზები შემოიფარგლება რუსეთის საზღვრებით“.

„საჭიროა სასწრაფო რეაგირება“, ამბობს ალექსანდ ლუკაშენკო და აცხადებს, რომ ბელარუსი და რუსეთი წინ აღუდგებიან დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებს. ლუკაშენკოს განმარტებით ის უკვე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში განვითარებულ პროცესებს დაუყონებლივი პასუხი უნდა გაეცეს.

„აშკარაა, რომ ჩვენ გვჭირდება რეაგირების მოხდენა. ჩვენ შევთანხმდით, რომ დაუყონებლივ უნდა მივიღოთ რაიმე სახის საპასუხო ზომები“, ამბობს ლუკაშენკო.

მინსკში აცხადებენ, რომ უკრაინაში ნატოს სასწავლო ცენტრებისა და სამხედრო ბაზები იქმნება, რაც საფრთხეს წარმოადგენს. ყველაფრის უკან კი, ლუკაშენკოს რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს ხედავს.