პუტინის ირანში ვიზიტის მიზნები

ვლადიმირ პუტინის და აიათოლა ალი ხამენეის შეხვედრა თეირანში. ირანი, 23 ნოემბერი, 2015 წ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს ირანში ჩადის. ის შეხვედრას გამართავს ქვეყნის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისთან და ირანის სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან. ეს პუტინის პირველი საერთაშორისო ვიზიტია რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს.

თეირანში პუტინი ასევე შეხვდება ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯებ ტაიპ ერდოღანს. საუბარი შეეხება რუსეთის მიერ დაბლოკილი უკრაინული პორტებიდან ხორბლეულის ექსპორტის განახლებას და ასევე - სირიაში მიმდინარე მოვლენებს. ამ კვირის ბოლოსკენ იგეგმება ხელშეკრულების ხელმოწერა რუსეთს, თურქეთს და გაეროს შორის, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული სურსათის ექსპორტისთვის გზის გახსნას შეეხება.

ასევე ნახეთ: ბაიდენი საუდის არაბეთში ჩადის

რუსეთის ლიდერის ვიზიტს სულ რამდენიმე დღით უძღოდა წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ტურნე ისრაელში და საუდის არაბეთში. ეს დასავლეთისთვის გამოკვეთილი მინიშნებაა დასავლური სანქციების პირისპირ მყოფი რუსეთის სტრატეგიული კავშირების გაღრმავებაზე ირანთან.

"ხამენეისთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია", ეუბნება მოსკოვში ჟურნალისტებს იური უშაკოვი, პუტინის მრჩეველი საგარეო ურთიერთობებში. "მათ შორის ნდობით სავსე დიალოგი შედგა ორმხრივი და საერთაშორისო თემების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე", აღნიშნავს უშაკოვი, "საკითხთა უმეტესობაზე ჩვენი პოზიციები იდენტურია, ან ახლოსაა".