პუტინი სი ძინ პინს სტუმრობს

სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინთან შესახვედრად ჩავიდა. ვიზიტის მიზანი, მხარეების თქმით, იმის ჩვენებაა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ქვეყნებს შორის ნდობა და „უსაზღვრო“ პარტნიორობა ნარჩუნდება.

მარტში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, ეს პუტინის მხოლოდ მეორე ცნობილი ვიზიტია საზღვარგარეთ. რუსეთის პრეზიდენტს და მის თანმხლებ პირებს, პეკინის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი ვანგ ვენტაო დახვდა. პეკინში ჩინეთის "სარტყელი და გზის" საერთაშორისო ფორუმი იმართება.

ასევე ნახეთ: კიმ ჩენ ინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, ჩრდილო კორეაში მორიგი რაკეტების გაშვების ფონზე მოხდა

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, რომელმაც პუტინს ბრალი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის წაუყენა, წევრი 123 ქვეყნისგან, მათ ტერიტორიაზე მოხვედრის შემთხვევაში, პუტინის დაპატიმრებას და ჰააგაში გადაგზავნას მოითხოვს. არც ყირგიზეთი, სადაც ამ თვის დასაწყისში პუტინი იმყოფებოდა და არც ჩინეთი, ომის დანაშაულების განსახილველად შექმნილი საერთაშორისო სასამართლოს წევრები არ არიან.

სი ძინ პინი თავის „ძვირფას მეგობარს“ ბოლოს მოსკოვში, სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის გაცემიდან რამდენიმე დღეში შეხვდა. მაშინ სი ძინ პინმა პუტინი პეკინში, „სარტყელის და გზის“ ფორუმზე მიიწვია.

ოთხშაბათს, ფორუმზე სი ძინ პინის გამხსნელი სიტყვის შემდეგ, სიტყვით პუტინიც გამოვა. მოგვიანებით, ორ ლიდერს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები შედგება.