სოჭში ვლადიმირ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს მასპინძლობს. შეხვედრის მიზანი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებია. 2020 წლის შემდეგ რუსეთის შუამდგომლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენჯერმე დაირღვა, მათ შროის ყველაზე მასშტაბური შეტაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ თვეში მოხდა, რა დროსაც 300-მდე ადამიანი დაიღუპა. შეხვედრა შავი ზღვის სანაპიროზე ვლადიმირ პუტინის ინიციატივაა.
შეხვედრა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის მალე უნდა დაიწყოს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
ასევე ნახეთ: პელოსი: აზერბაიჯანის თავდასხმა სომხეთზე "უკანონო და მსხვერპლიანია"კრემლში ამბობენ, რომ შეხვედრის მიზანია შეფასდეს, როგორ მიმდინარეობს დადებული შეთანხმების შესრულება და რა ნაბიჯებია გადასადგმელი რეგიონში „სტაბილურობისა და უსაფრთხოების“ განმტკიცების კუთხით.
ყარაბაღის კონფლიქტი სათავეს 1990-იანი წლებიდან იღებს, მაშინ ომის დროს 30 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ის რეგიონები, სადაც ძირითადად სომხები ცხოვრობდნენ, სომხეთის ნაწილად გამოაცხადეს. საერთაშორისო კანონმდებლობით ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.
ომი 2020 წელს განახლდა და 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. დაიღუპა ასობით ადამიანი. აზერბაიჯანმა ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება შეძლო, რუსეთის ჩართულობით კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.
შეთანხმების მიხედვით, რეგიონში განთავსდნენ რუსი სამხედროები, სომხეთის პრეზიდენტი გასულ კვირას ამბობდა, რომ ის მხარს დაუჭერს რეგიონში რუსული ჯარების შენარჩუნებას კიდევ 20 წლის განმავლობაში.
„მზად ვარ ხელი მოვაწერო სოჭში სამშვიდობო მანდატს, 10, 15 ან 20 წლის ვადით,“_ თქვა ფაშინიანმა.