პუტინმა თავდაცვის მინისტრის 4 მოადგილე შეცვალა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. იაკუტსკი, რუსეთი, 18 ივნისი, 2024 წ.

რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები გაატარა. 17 ივნისს, ვლადიმირ პუტინმა თანამდებობა დაატოვებინა თავდაცვის მინისტრის ოთხ მოადგილეს და ერთ-ერთის ადგილზე საკუთარი ბიძაშვილის შვილი დანიშნა.

მანამდე, მაისში, უკრაინასთან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, მოულოდნელად გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელსაც ეს თანამდებობა დიდი ხნის განმავლობაში ეკავა. პუტინი მსგავს ნაბიჯებს კორუფციისგან წმენდის აუცილებლობით და ეკონომიკის უფრო ეფექტიანი მართვის აუცილებლობით ხსნის. შოიგუს ადგილზე გასულ თვეში პუტინმა ანდრეი ბელოუსოვი დანიშნა, ეკონომისტი, რომელსაც სამხედრო გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია.

ასევე ნახეთ: რუსეთში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

კრემლის განკარგულებით, ორშაბათს პოსტები დატოვეს შოიგუს მოადგილეებმა: ნიკოლაი პანკოვმა, რუსლან ცალიკოვმა, ტატიანა შევცოვამ და პაველ პოპოვმა. თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ყოფილი მოადგილე, ტიმურ ივანოვი მანამდე, 23 აპრილს დააკავეს და ბრალი ქრთამის აღებაში წაუყენეს. მას შემდეგ, სამინისტროს და გენერალური შტაბის კიდევ ოთხი მაღალი თანამდებობის პირი იმავე ბრალდებით აიყვანეს. ეს ყველაზე დიდი კორუფციის სკანდალია, რომელიც რუსეთის მთავრობას ბოლო წლების განმავლობაში ჰქონია.

ახლადდანიშნულ თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს შორისაა პუტინის გარდაცვლილი ბიძაშვილის შვილი ანა ცივილევა, რომელიც სოციალური დაცვის და განსახლების საკითხებს გადაიბარებს. მისი ქმარი სერგეი ცივილევიც მაღალ თანამდებობაზეა, ის რუსეთის ენერგეტიკის მინისტრია.

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ახლა ლეონიდ გორნინი იქნება, ყოფილი ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ახალ სამინისტროშიც ხარჯვით ნაწილს განკარგავს. დარჩენილ ორ თანამდებობას პაველ ფრადკოვი და ოლეგ საველიევი შეავსებენ.