პოლიციამ ჰენრი "ენრიკე" ტარიო, ულტრამემარჯვენე ჯგუფის "ამაყი ბიჭები" (Proud Boys) ლიდერი სამშაბათს გაათავისუფლა, ოღონდ იმ პირობით, რომ ის ქ. ვაშინგტონს დატოვებდა. ტარიო წინა დღით დააკავეს, კერძო ქონების ხელყოფის ბრალდებით. მან შავკანიანთა ისტორიული ტაძრის ეზოში მდგარი ნიშანი დაწვა, რომელზეც ეწერა: შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია.
ეს ყველაფერი 6 იანვრის წინა დღეებში ხდება, როცა ამერიკის დედაქალაქში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი საპროტესტო აქცია იგეგმება. პრეზიდენტის მომხრეები ვაშინგტონში ნოემბრის არჩევნების შედეგების და მასზე დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას აპროტესტებენ. შეერთებული შტატების კონგრესი შედეგებს დღეს ფორმალურ ცერემონიაზე დაამტკიცებს.
ასევე ნახეთ: 6 იანვარი - ამერიკული არჩევნების ფინალური აკორდი კონგრესში36 წლის ტარიო მოსამართლე რენე რეიმონდმა ხელწერილის საფუძველზე გაუშვა, რომლის მიხედვითაც ის ამერიკის დედაქალაქში ივნისამდე არ ჩამოვა. ივნისში სასამართლოს მეორე მოსმენაა ჩანიშნული.
ამასობაში კი, "ამაყი ბიჭები" მონაწილეობას იღებს ვაშინგტონში დაგეგმილ აქციაში, რომელიც დღეს კონგრესის მახლობლად გაიმართება. პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა საპროტესტო გამოსვლებს და თქვა, რომ მასში მონაწილეობას გეგმავს. „იქ ვიქნები, ისტორიული დღეა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.
ტარიოს იარაღის ტარების ბრალდებაც ემუქრება. დაკავების მომენტში, "ამაყი ბიჭების" ლიდერს თან დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი ჰქონდა. ვაშინგტონის ოფიციალური პირები აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს, დემონსტრაციაზე იარაღი არ მიიტანონ, დედაქალაქში ეს კანონითაა აკრძალული. ვაშინგტონის პოლიციას აქციის გაკონტროლებაში დღეს ეროვნული გვარდიის 300 ჯარისკაცი დაეხმარება.
დღეს, შეერთებული შტატების კონგრესი ბაიდენის მოგებას გაერთიანებულ სხდომაზე ფორმალურად დაამტკიცებს. სხდომა ძირითადად ცერემონიულ ხასიათს ატარებს და მისი თავმჯდომარე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იქნება. რესპუბლიკელ კანონმდებელთა მცირე ნაწილი ამბობს, რომ სერტიფიცირების წინააღმდეგ წავა, თუმცა მათი რაოდენობა გადაწყვეტილების შეცვლისთვის არასაკმარისია.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონი საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადება