პროკურატურა მოსკოვის სასამართლოსგან თეატრისა და კინოს ცნობილი რეჟისორის კირილ სერბრენიკოვისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
პროკურორმა მიხაილ რეზნიჩენკომ 22 ივნისს განახლებულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სერებრენიკოვმა და სხვა ბრალდებულებმა 129 მილიონი რუბლის ოდენობის თანხა გაფლანგეს, რაც დაახლოებით 1.86 მილიონი დოლარია. ყველა ბრალდებული დანაშაულს უარყოფს.
პროკურორი რეზნიჩენკო მეშჩანსკის ოლქის სასამართლოსგან 4 ბრალდებულის წინააღმდეგ 4-5 წლით პატიმრობის მისჯას ითხოვს.
ასევე ნახეთ: ჟურნალისტის დაკავებას რუსეთში უპრეცენდენტო პროტესტი მოჰყვა
50 წლის სერებრენიკოვი და 3 სხვა პირი სახელმწიფო თანხების უკანონოდ გაფლანგვაში არიან ბრალდებულნი. საუბარია სერებრენიკოვის მიერ დაარსებული "მეშვიდე სტუდიის" პროექტ "პლატფორმისთვის" 2011-2014 წლებში განკუთვნილ თანხებზე.
სერებრენიკოვი ანტი-სამთავრობო საპროტესტო გამოსვლებშიც მონაწილეობდა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენის ზრდის შესახებაც გამოთქვამდა შეშფოთებას. ის 2017 წლის აგვისტოში დააკავეს, რასაც საერთაშორისო ყურადღება და ბრალდებები მოჰყვა იმის თაობაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ვლადიმირ პუინის ხელისუფლებასთან დამოკიდებულების გამო დევნიდა.
სერებრენიკოვი და კიდევ ორი თანადამფუძნებელი, პროდიუსერი იური იტინი და კულტურის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი სოფია აპელბაუმი შინა პატიმრობიდან გასული წლის აპრილში გაათავისუფლეს, თუმცა მოსკოვის დატოვების უფლება არ აქვთ. დედაქალაქში ყოფნა მოეთხოვება კიდევ ერთ ბრალდებულს - ალექსეი მალობროდსკისაც.