მოლდოვის პროევროპული პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტიამ შაბათ-კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა, ვერ შეძლო მერის ადგილების მოპოვება დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქ კიშინიოვში. ინფორმაცია ორშაბათს გავრცელებულ, არჩევნების წინასწარ შედეგებზეა დაფუძნებული.
კვირას ჩატარებულ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით 12,000 ადგილობრივი ოფიციალური პირი, მათ შორის, კიშინიოვის მერი აირჩიეს. ეს არჩევნები განიხილებოდა, როგორც პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული კურსის გამოცდა. ამ პროცესის პარალელურად ისმოდა ბრალდებები, რომ რუსეთი ქვეყნის არჩევნებში ერეოდა.
სანდუს "მოქმედებისა და სოლიდარობის" პარტიამ ხმების 40%-ზე მეტი მოიპოვა მერის, ქალაქის, რაიონისა და სოფლის საბჭოებში ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, მმართველი პარტიის კანდიდატებმა ვერ მოიპოვეს კონტროლი დიდ ქალაქებზე.
ასევე ნახეთ: მოლდოვამ რუსული საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდები დაბლოკაგასულ კვირას არჩევნებამდე, სანდუმ რუსეთი დაადანაშაულა ამომრჩევლის „მოსყიდვაში“. პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ ორი თვის განმავლობაში რუსეთმა 5 მილიონი დოლარი გადაურიცხა „კრიმინალურ ჯგუფებს“. მოლდოვის ხელისუფლება ამბობს, რომ ამ დაჯგუფების ხელმძღვანელი, ილან შორი, ებრაულ-მოლდოვური წარმოშობის ოლიგარქი და პოლიტიკოსია, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. ის დაუსწრებლად გაასამართლეს საბანკო თაღლითობაში მონაწილეობისთვის.
შორთან დაკავშირებულ პრორუსულ პოლიტიკურ პარტიას უსაფრთხოების მიზნით მოლდოვის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ, მმართველი პარტიის ვიცე-თავმჯდომარემ თქვა, რომ არჩევნების მთავარი შედეგი იყო ის, რომ მოლდოვას "პროევროპულმა არჩევანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა მთელ ქვეყანაში".