ორშაბათს, ბრიტანეთის პრემიერმა სუნაკმა, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე თავისი პირველი მოხსენების დროს ისაუბრა ბრიტანეთისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც ჩინეთთან ურთიერთობა და უკრაინისადმი დახმარებაა.
ჩინეთთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის „ოქროს ხანა“ დასრულდა გულუბრყვილო იდეასთან ერთად, რომ ჩინეთთან ვაჭრობა სოციალურ და პოლიტიკურ რეფორმებს გამოიწვევდა. ბრიტანეთი ჩინეთის მიმართ ბევრად უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებს, რადგან ჩინეთი ბრიტანეთის ღირებულებების და ინტერესებისთვის სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს.
პრემიერმა სუნაკმა უკრაინასთან მიმართებაში განაცხადა, რომ მომავალ წელს მისი მთავრობა კიევისადმი სამხედრო დახმარებას გააგრძელებს და შეინარჩუნებს მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ბორის ჯონსონმა და ლიზ ტრასმა გამოიჩინეს.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა„უეჭველია, რომ უკრაინის გვერდით ვიქნებით რამდენი ხანიც ეს საჭირო იქნება. მომავალ წელს სამხედრო დახმარებას შევინარჩუნებთ ან გავზრდით და საჰაერო თავდაცვისთვის ახალ მხარდაჭერას გავუწევთ,“ თქვა პრემიერმა.
სუნაკმა თქვა, რომ ბრიტანეთს სჭირდება ისეთივე ხანგრძლივ დროზე გათვლილი მიდგომის ქონა, როგორც ამას მისი მეტოქეები და კონკურენტები აკეთებენ, როგორიც რუსეთი და ჩინეთია.
„ამ გამოწვევების პირობებში, ხანმოკლე პერსპექტივით აზროვნება ან სასურველის სინამდვილედ აღქმა საკმარისი არ არის. არ შეგვიძლია „ცივი ომის“ არგუმენტებს და მიდგომებს დავეყრდნოთ ან წარსულის მიმართ უბრალო სენტიმენტალობა გვქონდეს,“ თქვა პრემიერ-მინისტრმა სუნაკმა.