პრეზიდენტ მარგველაშვილის პირველი ვიზიტი ისრაელში

ისრაელის პრეზიდენტი: „საქართველო ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა კავკასიის რეგიონში“

იერუსალიმსა და მთელს ისრაელში, უკიდურასად დაძაბული სიტუაციის ფონზე, შედგა საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი აღქთმულ ქვეყანაში. გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის პირველივე დღეს, ორმაგი ტერორისტული თავდასხმა მოხდა, ქალაქ ბეარ შევას ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორაზე, რომლის დროსაც ერთი სამხედრო პირი დაიღუპა, 11 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაიჭრა.

ისრაელისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა იერუსალიმში, სწორედ ტერორიზმის დაგმობით დაიწყო. „საქართველო თამაშობს მნიშვნელოვან როლს ფუნდამენტალიზმისა და სიძულვილის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ამჟამად მოქმედებენ მთელს რეგიონში, ირანიდან იემენამდე. ისინი საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ხალხებს, არამედ მთელ მსოფლიოს“ - ამ სიტყვებით მიმართა ქართულ დელეგაციას, ბეით ჰანასში, ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციაში, რუვენ რივლინმა.

ისრაელის პრეზიდენტმა კავკასიის რეგიონში, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე უწოდა. საპასუხოდ, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ისრაელი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

ისრაელის სახელმწიფო საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა კიდევ უფრო გავაღრმავოთ არსებული კავშირ-ურთიერთობები და თანამშრომლობის თვისობრივად უფრო მაღაღ საფეხურზე გადავიდეთ.
პრეზიდენტი მარგველაშვილი

„ისრაელის სახელმწიფო საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა კიდევ უფრო გავაღრმავოთ არსებული კავშირ-ურთიერთობები და თანამშრომლობის თვისობრივად უფრო მაღაღ საფეხურზე გადავიდეთ. დარწმუნებული ვარ ჩვენი დღევანდელი შეხვედრები ძლიერი იმპულსი იქნება იმისთვის, რომ ჩვენმა თანამშრომლობამ შესაძლებლობების მთელი პოტენციალი მოიცვას.“

ვიზიტის მეორე დღეს, პრეზიდენტი მარგველაშვილი ისრაელის პარლამენტს ეწვია, სადაც მას ქსენეთის თავჯდომარემ, უკრაინაში დაბადებულმა იოელ ედელშტეინმა უმასპინძლა. ედელშტეინი ქსენეთში მემარჯვენე ცენტრისტულ პარტია „ლიკუდს“ (ერთობას) წარმოადგენს, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ, ოპოზიციისა და ისრაელის შრომის (ავოდა) პარტიის ლიდერი იცხაკ ჰერცოგი და დეპუტატი იეჰიელ ბარი, ლეიბორისტული პარტიიდან, რომელიც ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს.

უაღრესად გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდა ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუც. ზუსტად ორი წლის უკან, 2013 წლის ოქტომბერში, როცა მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს, სატელეფონო მილოცვის დროს, სწორედ ნეთანიაჰუმ მიიწვია იგი ისრაელში. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, ფაქტობრივად, შეაჯამა ისრაელში ვიზიტის შედეგები

„ვისაუბრეთ, რიგ საკითხებზე: ეს არის უსაფრთხოების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის სფეროები. თანამშრომლობა განათლებისა და ერთობლივი კვლევების მიმართულებით. ეს არის ურთიერთობა ბიზნესის თვალსაზრისით, რომელიც ჩვენ უნდა გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ. ამოუწურავი შესაძლებლობები არსებობს და ამ შესაძლებლობებს სჭირდება ძალიან ინტენსიური ჩართულობა და გამოყენება.“

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, მეუღლესთან ერთად, მოინახულა წმინდა გიორგი საფლავი, ქალაქ ლოდში მდებარე ტაძარში, რომელიც იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა. იერუსალიმში კი პრეზიდენტი და პირველი ლედი იმყოფებოდნენ მაცხოვრის წმინდა საფლავზე, ჯვრის მონასტერში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარსა და გეთსამანიის ბაღში.

ებრაული უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღში, საქართველოს პრეზიდენტმა სიმბოლურად დარგო ხე. ეწვია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ეროვნულ მუზეუმს - იად ვა შემს და ყვავილებით შეამკო, სიონიზმის ფუძემდებლის თეოდორ ჰერცლის მემორიალი.

ჰერცლიის კერძო კოლეჯში კი პრეზიდენტმა ლექცია წაუკითხა სტუდენტებს, თემაზე „პატარა სახელმწიფოების გამოწვევა მსოფლიოს ახალ დღის წესრიგში“. სტუდენტებთან დისკუსიის დროს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეუძლებელია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, სანამ ქართული მიწების ოკუპაცია გრძელდება.

ქართველ ებრაელებთან შეხვედრაზე, რომელიც იერუსალიმის ერთ-ერთ უძველეს სასტუმრო „მეფე დავითში“ გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაზარდონ ინვესტიციები მოძმე ქვეყნის ეკონომიკაში.