ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ნიუ-იორკში ქართულ დიასპორას შეხვდა


პრეზიდენტი მარგველაშვილი ნიუ-იორკში
პრეზიდენტი მარგველაშვილი ნიუ-იორკში

კვირას დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოთხდღიანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტის პირველი შეხვედრა გუშინ ნიუ-იორკში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებთან სასტუმრო " სენტ რეჯიში" ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. რა საკითხებს შეეხო პრეზიდენტი თავის გამოსვლაში და რა კითხვები ჰქონდათ იმიგრანტებს- ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის პროგრამაში პირველი საკითხი იყო. იმიგრანტები პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, შიდა პოლიტიკურ და ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობაზე ესაუბრნენ.

შეხვედრა 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს შედგა, ამიტომაც ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს და მცოცავ ანექსიას შეეხო. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის ომით ყველა მხარემ იზარალა. ლაშა გეგეჭკორი კონფლქიტების მოგვარების მიზნით მიმდინარე საერთაშორისო დიალოგის პროგრესით დაინტერსდა.

ლაშა გეგეჭკორი: დღეს დაიკარგა სოხუმი, ეს არის ყველაზე მტკივნეული საკითხი და მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ, როგორ მიმდინარეობს ჟენევის ფორმატის შეხვედრები?

გიორგი მარგველაშვილი: ეს არის ინგლისური სიტყვა- lose, lose, lose- სამჯერ წაგება. ქართველებმა ხომ წააგეს, რუსებმაც ხომ წააგეს და იქაურებმაც წააგეს. აფხაზები, ოსები, ვერავინ ვერაფერი ვერ მოიგო. ეს იყო ისეთი ასბურდის თეატრი, რომ ეწირებოდა ხალხი და ვერავინ ვერაფერს ვერ იგებდა. რუსეთს ტერიტორიები არ სჭირდება, რომ რამდენიმე კვადრატული კილომეტრი მიიერთოს. ეს იყო ის, თუ როგორია ასეთი აგრესიული სახელმწიფო თავისი კეთილი მეზობლის მიმართ. აი ამ აბსურდს უნდა ჰქონდეს, რუსულ სიტყვას ვიხმარ" რაზვიაზკა" , ეს უნდა განიტვირთოს, ეს უნდა გაიხსნას. მე ვიცი რომ ეს გაიხსნება, და ეს გახსნა იქნება ამ ტერიტორიების, ამ მხარეების გაერთიანება ერთიან, ევროპულ საქართველოში.

რამდენად მზად არის ქვეყანა დაასაქმოს უცხოეთიდან დაბრუნებული ემიგრანტი. შეხვედრაზე მისული იმიგრანტი დავით გაჩეჩილაძე საქართველოში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს შეეხო. პრეზიდენტის განცხადებით არსებული საფინასო სიტუაცია ბოლო პერიოდში საქართველოში, მსოფლიოში, კერძოდ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან ერთად გარკვეულწილად ქვეყნის შიგნით დაშვებულმა შეცდომებმაც განაპირობა. არსებული შეზღუდული ფინანსების გამო სახელმწიფო სამწუხაროდ ვერ ახერხებს მთლიანად უზრუნველყოს უცხოეთში დაღუპული ემიგრანტების ქვეყანაში გადასვენების ხარჯები.

გელა საჩალელი: ადამიანები როდესაც გარდაიცვლებიან უცხოეთში მათ იმიგრანტები პატრონობენ და ადრე სახელმწიფო ეხმარებოდა. ესეც ძალიან მტკივნეული საკითხია ხალხისთვის და ალბათ უფრო კონკრეტულად უნდა იყოს ჩვენი ნათქვამი, ვიდრე ზოგადად.

გიორგი მარგველაშვილი: სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გაგვაჩერეს ჩვენ არჩევანში, ამიტომ ჩვენ ვაშენებთ, ვაძლიერებთ და ვამტკიცებთ ევროპულ საქართველოს, დღეს ჩვენ რასაც ვეუბნებით ჩვენს თანამოქალეეებს, რომელბიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტეროტორიებზე, რომ ჩვენ გთავაზობთ მომავალ თანაცხოვრებას და თანაარსებობას ევროპულ სახელმწიფოში და როცა ვამბობთ რომ ეს არის ევროპული სახელიმწიფო, ეს არის ნებისმიერი ჯგუფის, ნებისმიერი კულტურის ეთნოსის ევროპული დონით დაცულობა, როგორც კულტურის, ისე პოლიტიკური მოწყობის თვალსაზრისით.

საუბრობთ თუ არა თქვენ და მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით? ქუთაისელი ქალბატონის მარინე ძაგნიძის ამ კითხვამ დარბაზში სიცილი გამოიწვია.

გიორგი მარგველაშვილი: არა, არ ვსაუბრობ

მარინე ძაგნიძე: მაგრამ საჭიროება თუ მოითხოვს, ხომ ისაუბრებთ?

გიორგი მარგველაშვილი: თუ საქართველოს დასჭირდება , სასაუბროდ მე მზად ვარ ყველასთან დიალოგისთვის და საქართველოს სასარგებლოდ მუშაობისთვის. ჩემი პიროვნული ურთიერთობა მის მიმართ არ არის ასეთი ღრმა, როგორც თქვენს შეკითხვაში იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ასევე ბატონ მიხეილს აერთიანებს თავდაუზოგავი სიყვარული, თავის პიროვნებაზე მეტი სიყვარული საქართველოს მიმართ და ბუნებრივია ეს ყველას გვაერთიანებს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ იორკში ორი დღით დარჩება. ქართული დიასპორის წარმომადგენლებს პრეზიდენტი ვაშინგტონშიც შეხვდება.

XS
SM
MD
LG