ენერგოკრიზისი საქართველოში

შუახევი, ელიკო კეჟარაძის ფოტო, ნეტგაზეთი

ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს მეცხრე დღეა შუქი არ აქვთ
საქართველოში ენერგოკრიზისია, რომელიც გასულ კვირას ამინდის მკვერთ გაუარესებას მოჰყვა. ამ დრომდე გათიშულია ხულოს, ქედისა და შუახევის რაიონები ანუ დაახლოებით 75 000 ადამიანი უკვე მეცხრე დღეა უშუქოდ არის დარჩენილი. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ორ მეტს გადააჭარბა.

დიდთოვლობამ 9 სახლი დაანგრია ქობულეთში, 2 - ქედაში, თითო - ბათუმში, შუახევში, ხულოსა და ხელვაჩაურში. ტრაგედია დატრიალდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში, სადაც თოვლმა სათბური ჩაანგრია. ორი ქალბატონი ადგილზე დაიღუპა, ათი კი მძიმედ დაშავდა.

გასული ერთი კვირის მანძილზე, უმძიმესი სიტუაცია იყო აჭარაში. თავიდან თითქმის ორი დღე მთლიანად ჩაბნელდა ბათუმი. თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შემდეგ, ბათუმში ქაოტური მცოცავი გრაფიკი მოქმედებდა. უშუქოდ დარჩა ზემო გურია და იმერეთის ზოგიერთი რაიონიც.

დღეს სიტუაცია შედარებით დარეგულირდა, ბათუმში განახლდა სწავლა და ამუშავდა ბაგა ბაღები, თუმცა კვლავაც რთული სიტუაციაა ქალაქის ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე, სადაც შუქი ამ დრომდე არ არის. ბათუმის ახლი უბნის ფერიას მცხოვრები გელა ასანიძე ამბობს

„მეექვსე დღეა შუქი არ გვაქვს. არ ვიცი რა ხდება. არც ტრაქტორს უშვებენ, არც გზას წმენდენ. აქ, გამგებელთან ვიყავით და ხელვაჩაურში წადითო. იქ წავედი და არაფერზე პასუხი არ აქვთ და ვართ ასე, არავინ პასუხს არ გვცემს.

მიცვალებული გვყავს ფერიაში, შუქი არ გვაქს, არც „დვიჟოკი“, არც გზა გაუწმენდიათ, ხალხი სამძიმარზე რო მოვიდეს, საჭმელი ამოიტანოს..“

აჭარის სრული ჩაბნელება, გასულ კვირას, ორი, 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის: „პალიასტომი 1“-სა და „პალიასტომი 2“-ის ერთდროულმა დაზიანებამ გამოიწვია. ორივე ხაზი სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის“ მფლობელობაშია. ბოლოს როდის ჩაუტარდა ამ ხაზებს რეაბილიტაცია უცნობია.

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, რომელიც ერთი კვირის მანძილზე, პირადად ხელმღვანელობდა აჭარაში, გადამცემი ხაზების აღდგენის რთულ პროცესს, თავიდან დაზიანების მიზეზად, 1985 წლის შემდეგ, მოსული ყველაზე დიდი ნალექი დაასახელა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ დივერსიასაც არ გამორიცხავს.

არც ენერგეტიკის მინისტრს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება რომ საქმე ნამდვილად დივერსიასთან გვაქვს. „პალიასტომის“ ორივე ხაზის აღდგენა მხოლოდ 14 დეკემბერს მოხერხდა.

სახელმწიფო ელექტროხაზების დაზიანების პარალელურად, გასულ კვირას დაზიანდა ჩეხური კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში არსებული ერთი 110 კილოვოლტიანი და რამდენიმე 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზებიც. სულ 300-მდე ანძა.

ნაწილი ამ დროისთვის უკვე აღდგენილია, თუმცა დარჩენილი დაზიანებების აღმოფხვრა დიდი თოვლის გამო ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ ხულოს, ქედასა და შუახევს ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღუდგებათ. აჭარის ავტონომიაში მცხოვრებლები ამბობენ

„ჩვენ რა ვქვათ?! ერთი კვირაა გვატყუებენ. დღეს იქნება, ხვალ, იქნება..და ალბათ, თვის ბოლომდე არ გვექნება შუქი.“

„ელემენტარულს ვითხოვთ. გზები გაიწმინდოს და დენი გრაფიკით მაინც მოგვცენ. 2 საათი იქნება თუ 3 საათი.“

ენერგოკრიზისს საქართველოში პრემიერ-მინისტრმა „კრიზისების მართვის დროებითი შტაბის“ შექმნით უპასუხა. გუშინ ღამით, საგანგებო თათბირზე ირაკლი ღარიბაშვილმა კერძოდ ბრძანა

„სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება. ეს არის გარდაუვალი. ამის პრევენცია და თავიდან აცილება არის უბრალოდ შეუძლებელი. ეს არ შედის ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. შესაბამისად, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას რომ მომხდარზე დროული და ადექვატური რეაგირება მოახდინოს.“

ენერგოკრიზისის გამო, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე საქართველოში, ელექტროენერგიის დისტიბუციის ყველაზე მსხვილ კერძო მფლობელს, ჩეხურ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაუპირისპირდა. სწორედ „ენერგო პროს“ მფლობელობაშია „აჭარის ენერგო კომპანია“.

მინისტრ კალაძის თქმით, ჩეხური კომპანია ინვესტირებას მხოლოდ გამრიცხველიანებაზე აკეთებდა იმ დროს, როცა ელექტროგადამცემი ქსელი უმძიმეს მდგომარეობაში აქვს. დღესვე, „ენერგო პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა განაცხადა, რომ მხედველობაბში მიიღებს ენერგეტიკის მინისტრის შენიშვნას.