ტიკარაძე: "ეპიდემიოლოგებმა შესაძლოა მალე მესამე ტალღა გამოაცხადონ"

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაძლოა ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის მესამე ტალღა ოფიციალურად გამოცხადდეს. მისი განმარტებით, ეპიდემიოლოგებმა შესაძლოა ამის შესახებ მალე ისაუბრონ, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანა "გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისში" იმყოფება:

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფაზაში, რაც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია. მნიშვნელოვანია, ერთობლივი ღონისძიებები გატარდეს - ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრული გამართვა, ასევე ჩვენი მოქალაქეების მოტივირება, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც შრომითი უსაფრთხოების მხრიდანაა მოწოდებული აუცილებლად უნდა იყოს დაცული. შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნუ უგუვებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენ ამ ეტაპზე გაგვაჩნია“, - თქვა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმითვე, საკოორდინაციო საბჭოს სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით არ უმსჯელია და ყოველი ლოკალური შემთხვევა იმგვარად უნდა იმართებოდეს, რომ სკოლის დახურვა უკიდურესი საჭიროების შედეგი იყოს.

ამავე დროს, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, 26 მარტს „ფაიზერით“ აცრის რიგში 9000 ადამიანია. როგორც გამყრელიძე ამბობს, ამ 9000 ადამიანიდან 20 % სამედიცინო პერსონალია, დანარჩენი კი - 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის ჩასატარებლად მოლოდინის რეჟიმში ჯამში 11 273 ადამიანი იმყოფება, დაახლოებით 2000 ადამიანი კი გეგმავს აცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით.