უკრაინის ახლად დასმული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთთან კრიზისის დასარეგულირებლად მმართველი გუნდის გადახალისებას გეგმავს. ორშაბათს, ბუნებრივი აირის ფასებთან დაკავშირებით რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკება კი ვლადიმირ პუტინთან მისი ურთიერთობის გამოცდა იქნება.
შაბათს, პოროშენკოს პრეზიდენტად ფიცის დადების ცერემონიაზე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ უკრაინის მთავრობა საბოლოოდ დაემშვიდობა ვიქტორ იანუკოვიჩისა და ექვსთვიან სისხლისმღვრელ ხანას.
თუმცა უკრაინაში, ამ ეტაპზე შექმნილი ეუფორიის მიღმა, რომ ქვეყანამ “ახალი წესებით ცხოვრება” უნდა დაიწყოს ( პეტრო პოროშენკოს სლოგანი -ამერიკის ხმა) არსებული რეალობა აშკარაა: ერთის მხრივ, ეს არის უკრაინის ხედვა, რომ აღმოსავლეთში მიმდინარე სეპარატისტულ მოძრაობას მოსკოვი ასაზრდოებს, და მეორეს მხრივ, რუსეთის ოპოზიცია პოროშენკოს ძალისხევის გამო, რომ ქვეყანა ევროპაში გაწევრიანდეს.
საინაუგურაციო გამოსვლაში პრეზიდენტ პოროშენკოს ტლანქი უარი ყირიმის დაკარგვა ეღიარებინა უფრო მეტად აშორებს მას პუტინს.
თუ რამდენად მოინდომებს რუსი ლიდერი უკრაინის ახალ პრეზიდენტთან დათმობებზე წავიდეს ან მისი პოლიტიკური გამჭრიახობა გამოსცადოს ორშაბათს, 9 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე გამოჩნდება. ამ შეხვედრაზე მხარეები რუსული გაზის ფასთან დაკავშირებული უთანხმოების დარეგულირებას შეეცდებიან.
რუსეთი, როგორც ცნობილია, უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეჩერებით დაიმუქრა, რაც ასევე საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირისკენ მიმავალ გაზის სატრანზიტო მარშრუტს. მოსკოვი ამ ნაბიჯზე, როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში წავა თუ მეზობელი სახელმწიფო სამშაბათამდე “გაზპრომს” დავალიანებას არ გადაუხდის.
პრეზიდენტი პოროშენკო, სავარაუდოდ, ადრეულ ეტაპზევე შეეცდება წამყვანი მოკავშირეების დაფიქსირების მიზნით საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთა კანდიდატები დაასახელოს.
გასულ შაბათს, უკრაინის ადგილობრივი მილიციის ლიდერების განცხადებით, ისინი ბრძოლის დათმობას არ აპირებენ.
მეორეს მხრივ, სეპარატისტული ამბოხება პოროშენკოს ერთადერთი გამოწვევა როდია. მას სამართავად გადაეცა გაკოტრების პირას მისული ქვეყანა, რომელიც მონიტორინგის სააგენტოების მიერ ევროპის ერთერთ ყველაზე კორუმპირებულ და ცუდად მართულ სახელმწიფოდ არის შეფასებული.
ყირიმი
პრეზიდენტ პოროშენკოს მთავრობაში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. ის ამბობს, რომ ივნისში ევროკავშირთან ასოცირების და სავაჭრო შეთანხმების ხელმოსაწერად მზად არის.
ამასთან, პრეზიდენტის დაპირებამ პრო-დასავლური პოლიტიკა აწარმოოს, უკვე გამოიღო შედეგი, როცა ვაშინგტონმა უკრაინის ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად 48 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო.
ევროკავშირის შეთანხმება, უკრაინას, ევროკავშირის თავისუფალ სავაჭრო ზონაში დაუშვებს, რაც პუტინის ამბიციას-უკრაინის საკუთარი გავლენის სფეროდ დატოვების შესახებ, საბოლოოდ დაასამარებს.
რუსი ლიდერი, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო დამატებითი დასავლური სანქციების მუქარის ქვეშ იმყოფება, გასულ პარასკევს გაფრთხილებას აკეთებდა, რომ ევროკავშირთან უკრაინის შეთანხმების ამოქმედებისთანავე რუსეთი იძულებული იქნება საკუთარი ეკონომიკა და ბაზრები დაიცვას.
საინაუგურაციო სიტყვაში, პოროშენკომ განაცხადა, რომ არასდროს დაეთანხმება ყირიმის დაკარგვას. მან კერძოდ ბრძანა: “ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ტერიტორია.” თუმცა ადგილზე, ძალიან პატარაა იმ ძალების რაოდენობა, რომლებიც პუტინს ყირიმის დათმობაში დაარწმუნებს.
ანალიტიკოსების აზრით, გაცილებით დიდი პრიორიტეტი სეპარატიზმის დასრულება იქნება, სეპარატიზმისა, რომლებიც პოროშენკოს ხედვას ეწინააღმდეგება ქვეყნის უნიტარულ სახელმწიფოდ არსებობასთან დაკავშირებით.
შაბათსვე, პრეზიდენტმა პოროშენკომ აღმოსავლეთში მცხოვრებთ მიმართა და მათ რუსულად, ქვეყნის საქმეებში მეტი ხმის დაფიქსირების პერსპექტივა შესთავაზა.
იარაღის დაყრის შემთხვევაში, პოროშენკომ მეამბოხებეებს ამნისტიის პირობა და რუსეთისკენ უსაფრთხო კორიდორის უზრუნველყოფა შესთვავაზა. თუმცა, აქვე, იმ პრობლემების მოცულობასთან ერთად, რომლებიც მის წინაშე არსებობს, ამბოხების დასრულება სხვების და ამ შემთხვევაში ვლადიმირ პუტინის მხრიდან თანამშრომლობას და კეთილ ნებას გულისხმობს.
ახალი მინისტრები
მოსკოვის მხრიდან, შესაძლოა პოზიტიური სიგნალი იყოს ის, რომ როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზრვრებთან რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს საზღვრის დაცვა და [საზღვრის] არალეგალური გადაკვეთის კონტროლი დაავალა.
ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ უკრაინისა და დასავლეთის მთავრობები რუსეთის ხელისუფლებას რუსული იარაღის და მებრძოლების უკრაინაში შესვლის აღკვეთას თხოვდნენ.
შემდეგ ეტაპზე, პოროშენკოს, მისი ახალი გუნდის დაკომპლექტება მოუწევს.
თავდაპირველად, პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ახალ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს დაასახელებს. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ვალერი ჩალი მოიაზრება. ჩალი, პოროშენკოს საარჩევნო კამპანიის პერიოდში საგარეო პოლიტიკის საკითხებს კურირებდა. პრეზიდენტს უფლება აქვს ასევე დაასახელოს თავდაცვის მინისტრიც.
სხვა წამყვან პოსტებს შორის იქნება პრემიერ მინისტრი არსენი იაცენიუკი. ეს უკანასკნელი სათავეში უდგას მოსკოვთან მიმდინარე გაზის ფასზე დაგეგმილ მოლაპარაკებებს. იაცენიუკი ყოფილი ფინანსთა მინისტრია.
სტატია მომზადებულია "როიტერის" და "ამერიკის ხმის" მასალებზე დაყრდნობით.