პომპეო აღიარებს, რომ ტრამპი-ზელენსკის საუბარში ჩართული იყო

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აღიარებს, რომ იმ სატელეფონო საუბარში იყო ჩართული, რომელთან დაკავშირებითაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება პრეზიდენტ ტრამპსა და მის უკრიანელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შემდგარ სატელეფონო ზარს.

პომპეომ ამის შესახებ რომში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ საუბარში იყო ჩართული, თუმცა სხვა არანაირ დეტალზე არ უსაუბრია.

თუმცა, გასულ კვირას ტელეკომპანია ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პომპეო არ აკონკრეტებდა ზუსტად რა იცოდა ამ სატელეფონო ზარის შესახებ. სწორედ ამ ზარის შემდეგ, საზოგადოებისთვის უცნობმა მამხილებელმა დაზვერვის უწყების გენერალურ ინსპექტორს წერილით მიმართა, რომელშიც ამბობდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა უცხო ქვეყნის ლიდერს ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ საგამოძიებო ქმედებების განხორციელება მოსთხოვა, რაც, დამტკიცების შემდეგ, როგორც ფაქტი, 2020 წლის არჩევნებზე მოახდენდა გავლენას.

ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არანაირი გადაცდომა არ მომხდარა, და მის წინააღმდეგ დემოკრატების მიერ ინიცირებულ გამოძიებას კვლავ კუდიანებზე ნადირობასა და ამბოხს უწოდებს. წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების ლიდერები კი სახელმწიფო მდივანს გამოძიების მიერ დოკუმენტების შეგროვებისა და მოწმეთა დაკითხვისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.