6 მაისს, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ჩინეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ბრალი დასდო ასობით ათასი ადამიანის სიკვდილში. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას, პომპეომ კიდევ ერთხელ მოითხოვა პეკინისგან ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.
„მათ იცოდნენ. ჩინეთს შეეძლო ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი აერიდებინა თავიდან. ჩინეთს შეეძლო თავიდან აეცილებინა მსოფლიოს ეკონომიკური დაღმასვლა. [...] ჩინეთი უარს აცხადებს, გაცვალოს ჩვენთან ინფორმაცია, რაც ხალხის უსაფრთხოებისთვის გვჭირდება", - თქვა მან.
სახელწიფო მდივანმა ასევე უარყო კრიტიკა, რომ ის და თეთრი სახლი წინააღმდეგობრივ ინფორმაციას ავრცელებენ, ახალი კორონავირუსის წარმომავლობის საკითხზე.
2 მაისს, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ „საკმარისი სამხილი“ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ვირუსი ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გავრცელდა. თუმცა 30 აპრილს, მან თქვა, რომ არ ვიცით თუ რა იყო თავდაპირველი გავრცელების წყარო, ლაბორატორია, ბაზარი თუ რაიმე სხვა ადგილი.
ასევე ნახეთ: ტრამპი ვირუსის გავრცელებაზე: "შესაძლოა ჩინეთმა შეცდომა დაუშვა"
„ეს ყველა განცხადება თანმიმდევრულია“, - თქვა მან. „ჩვენ ყველანი ვცდილობთ სწორი პასუხი ვიპოვოთ... არ ვართ დარწმუნებულები და არსებობს მნიშვნელოვანი სამხილი, რომ ეს [კორონავირუსი] ლაბორატორიიდან გავრცელდა. ორივე განცხადება შეიძლება იყოს სიმართლე. ორივე მათგანი ვთქვი. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც თქვეს ეს. ეს ყველა განცხადება მართალია“, - აღნიშნა პომპეომ.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ თეთრი სახლი ცდილობს ყურადღება ჩინეთზე გადაიტანოს და ამით ის კრიტიკა გადაფაროს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პანდემიას სათანადოდ ვერ გაუმკლავდა.
ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი უარყოფს, რომ ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა ან გავრცელდა. ექსპერტების უმეტესობა ფიქრობს, რომ ვირუსი ვუჰანის ბაზრიდან ცხოველებიდან ადამიანებზე გადადებით გავრცელდა.
საერთაშორისო დახმარება
სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო დახმარებაზე. მაიკ პომპეოს თქმით, ამერიკა მოწინავეა კორონავირუსთან საბრძოლველად გაცემული საერთაშორისო დახმარების თვალსაზრისით.
„ნახევარ საუკუნეზე მეტია, შეერთებული შტატები გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე პლანეტის მასშთტაბით ზრუნავს“, - თქვა მან. „შეერთებული შტატები იყო ებოლასთან, აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, მალარიის და სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის სათავეში. ისევე როგორც მსოფლიოს გარშემო ჰუმანიტარული პასუხის უკან, მათ შორის, მიმდინარე კრიზისში ვენესუელასა და სირიაში“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ: პომპეო: კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა
სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ შეერთებული შტატები დამატებით 128 მილიონს გაიღებს გლობალური ჯანდაცვის და ჰუმანიტარული დახმარებებისათვის. მისი თქმით, ამ ნაბიჯით ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ჯანდაცვის სფეროებში საერთო დახმარების ოდენობა 900 მილიონი დოლარი იქნება.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკული კომპანიების, მოქალაქეების, ორგანიზაციების და ამერიკის ფედერალური მთავრობის მიერ გაწეული დახმარების ოდენობა გლობალურად 6.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.