თუ ქვეყნები პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის ზომებს არ გააძლიერებენ, მისი დასასრული ჰორიზონტზე არ გამოჩნდება. "პანდემია დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო მის დასრულებას აირჩევს" - განაცხადა კვირას გამართულ ჯანდაცვის მსოფლიო სამიტზე ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ონლაინ-სამიტი გერმანიაში გაიმართა და მასში 100-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. გაეროს ჯანდაცვის მთავარი სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მედიცინას და ჯანდაცვას კოვიდ-19-ის დასამარცხებლად ხელში უჭირავს ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი, მაგრამ მათ ეფექტურად ვერ იყენებს.
წლის ბოლომდე გაერომ მიზნად დაისახა მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაცია. გებრეიესუსის თქმით, ამ მიზნის მიღწევის გზაზე, ვაქცინების წარმოების გაზრდის ნაცვლად, მთავარ ბარიერებად რჩება "პოლიტიკა და მოგება".
ასევე ნახეთ: მსოფლიოს 40% წლის ბოლომდე უნდა აიცრას - გაეროს ახალი სტრატეგია"იმ ქვეყნებმა, რომელთაც უკვე მიაღწიეს 40%-ის [ვაქცინაციის] მიზანს, დიდი ოცეულის ყველა ქვეყნის ჩათვლით, ახლა ვაქცინების მიწოდების ესტაფეტა "კოვაქსს" და აფრიკის ვაქცინით დაკომპლექტების ფონდს ("ავატი") უნდა გადასცენ" - აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი. "კოვაქსი" საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც კოვიდ-19-ის ვაქცინების მსოფლიოს მასშტაბით თანაბრად გადანაწილების მიზნით შეიქმნა. "ავატი" კი აფრიკული კავშირის ინიციატივაა, რომელიც ვაქცინის თანასწორ დისტრიბუციას აფრიკის კონტინენტზე უზრუნველყოფს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ-19-ის ეფექტური ვაქცინების მწარმოებლებს დაბეჯითებით მოუწოდებს, სხვებსაც "გაუზიარონ ნოუჰაუ, ტექნოლოგიები და ლიცენზიები", ასევე "გააუქმონ ინტელექტუალური საკუთრების უფლებები". გებრეიესუსის თქმით, ისინი არ ითხოვენ "ქველმოქმედებას", არამედ მოუწოდებენ "გლობალურ გაჯანსაღებაში გონივრული ინვესტიციისკენ".
პანდემიის მთავარ სტატისტიკურ მონაცემებში კვლავ მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის რესურს-ცენტრის ანგარიშით, დღეისთვის მსოფლიოში დადასტურებულად ინფიცირებულია 243.7 მილიონი ადამიანი. სიკვდილობის მაჩვენებელი კი 5 მილიონს აღწევს. რაც შეეხება ვაქცინაციის მონაცემებს, ამ დროისთვის ადმინისტრირებულია 7 მილიარდი კოვიდ-19-ის ვაქცინა.
ასევე ნახეთ: მოგება არ უნდა იდგეს ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა - "საერთაშორისო ამნისტია"