უკრაინა-პოლონეთის საზღვარი ჩაკეტილია, ევროპაში ფერმერების აქცია გრძელდება

პოლონეთში ფერმერთა მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო. მონაწილეებმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარი გადაკეტეს და ამ ფორმით გააპროტესტეს ევროკავშირის პოლიტიკა და როგორც თავად ამბობენ, ვარშავაში მთავრობის უმოქმედობა. ფერმერები ამბობენ, რომ ისინი ამ გზით საკუთარ საარსებო წყაროს იცავენ.

დემონსტრანტები თვლიან, რომ მეზობელი უკრაინიდან იაფი საკვების იმპორტი უარყოფით გავლენას ახდენს მათ შემოსავალზე. პოლონური მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 250 ბლოკადა მოეწყო.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერი ანდრეი დემჩენკო ადასტურებს, რომ პოლონეთ უკრაინის საზღვარი ჩაკეტილი იყო. მისი თქმით 100-მდე ფერმერმა 50-მდე ავტომობილით მედიკას სასაზღვრო პუნქტი ჩაკეტეს. "ჩვენ გარეშე, თქვენ იქნებით მშიერი, შიშველი და ფხიზელი“, მიმართავენ აქციის მონაწილეები პოლონეთის მოქალაქეებს და მთავრობას.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ესმის ფერმერთა აქციის მიზეზები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები. თუმცა, ის იმედს გამოთქვამს, რომ პროტესტი მშვიდობიან ფორმას შეინარჩუნებს და ნაკლებს პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას.

„ფერმერებს აქვთ ლეგიტიმური შეშფოთება, მოლოდინი და მოთხოვნები, რომ შეზღუდონ საქონლის გადაჭარბებული შემოდინება უკრაინიდან, ისევე როგორც სხვა არაევროპული ბაზრებიდან ევროკავშირში, განსაკუთრებით პოლონეთში“,- ამბობს მინისტრი ჩესლავ სიეკიერსკი.

ფერმერთა პროფკავშირების განცხადებით, საპროტესტო აქციები 10 მარტამდე გაგრძელდება და პროტესტის ფარგლებში სხვადასხვა სასაზღვრო პუნქტის ბლოკადა მოხდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის მთავრობის უმოქმედობა მათ სხვა არჩევანის საშუალებას არ უტოვებს.

„პოლონეთის ხელისუფლების პასიურობა, უკრაინიდან სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით სხვა გზას არ გვიტოვებს, გარდა საყოველთაო გაფიცვის გამოცხადებისა“,- წერია განცხადებაში, რომელსაც ფერმერთა პროფკავშირები ავრცელებს.

ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა, პრობლემური მხოლოდ პოლონელი მესაზღვრეებისთვის არ არის. მსგავსი შინაარსის პროტესტი მიმდინარეობს საფრანგეთში, ბელგიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში.

ფერმერები ამბობენ, რომ შემუშავებული პოლიტიკა მათ მდგომარეობას ართულებს და ზრდის ხარჯებს. პოლონელი ფერმერებისთვის მთავარი გამოწვევა, როგორც თავად ამბობენ, უკრაინიდან იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა არის, რის შეზღუდვასაც ითხოვენ.

მსგავსი შინაარსის აქციებს პოლონეთში მართავდნენ სატვირთო ავტომობილების მძღოლებიც. მათი საპროტესტო აქციები მთავრობასთან შეთანხმებით, დროებით შეწყდა, თუმცა თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ არის გამორიცხული აქციები განახლდეს.