8 მაისს, პოლიციამ დილიდანვე დაიწყო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში დაბანაკებული, პალესტინელთა მხარდამჭერი სტუდენტების აქციის კარვების ალაგება. ამერიკის დედაქალაქის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტში ათობით მომიტინგე დააკავეს.
ასევე ნახეთ: პოლიციამ კალიფორნიის უნივერსიტეტში მომიტინგეები დააკავა და ბარიკადები დაშალაუნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სტუდენტები მანამდე გააფრთხილა, რომ მთავარ მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შესაძლოა უმაღლესი სასწავლებლიდან გარიცხონ კიდეც. „მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი მოწოდებულია, დაიცვას სტუდენტების თავისუფალი გამოხატვის უფლება, ბანაკი უკანონო საქმიანობად გადაიქცა, მონაწილეები პირდაპირ არღვევენ უნივერსიტეტის შიდაგანაწესით განსაზღვრულ ბევრ წესს და ქალაქის რეგულაციას“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ დაშლისას წიწაკის შესასხურებელი გამოიყენა და თითქმის 30-მდე ადამიანი დააკავა. ჟურნალისტების ინფორმაცია პროტესტის ორგანიზატორთა და აქტივისტთა ჩვენებებს ეყრდნობა.
აქციის დაშლამდე, სამშაბათს საღამოს, პროპალესტინური პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ელენ გრენსბერგის სახლისკენ მარშით გადაინაცვლა. "თავისუფლება პალესტინას", "ხელები შორს რაფასგან" - სკანდირებდნენ ისინი.
ამ მოვლენების პარალელურად შეერთებული შტატების კონგრესში იმართება მოსმენა, სადაც დაბარებულნი არიან ვაშინგტონის მერი მურიელ ბოუზერი და პოლიციის უფროსი პამელა სმითი. დღეს წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტში განიხილავენ იმას, თუ როგორ უმკლავდება დედაქალაქი საპროტესტო აქციებს.
პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში გრძელდება, ისევე როგორც ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ზოგ უნივერსიტეტში აქციები ძალადობრივად დაშალეს. ამერიკის სხვადასხვა შტატში მდებარე 50 უნივერსიტეტის კამპუსზე, პოლიციამ 18 აპრილის შემდეგ, 2 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა.