ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მზადაა სადავო კანონპროექტი დათმოს, ხალხი მის გადადგომას ითხოვს

საპროტესტო აქცია ქ. სოხუმში, საქართველო. 15 ნოემბერი, 2024 წ.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს სადავო კანონპროექტის ე.წ. პარლამენტიდან გაწვევის შესახებ. „ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით“, - წერია ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების" რატიფიცირებას, რამაც ხალხში მღელვარება გამოიწვია.

ოპოზიცია ითხოვს, რომ ასლან ბჟანია უპირობოდ გადადგეს ე.წ. პრეზიდენტის პოსტიდან. ბჟანიას გადადგომას ითხოვენ მომიტინგეები, რომლებიც რამდენიმე საათის წინ ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციისა და ე.წ. პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ. მათ დაიკავეს ბჟანიას კაბინეტი და სათათბირო ოთახი.

15 ნოემბერს სოხუმში გამართულ მიტინგზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაციას აპროტესტებდნენ. აქცია ე.წ. პარლამენტის შენობასთან დილიდან იმართებოდა, რადგან კენჭისყრა დღეს იყო დაგეგმილი. საკითხის განხილვა ჩაიშალა. დღის წესრიგში საკითხის შეტანას ე.წ. დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა.

გავრცელებული ცნობებით, სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი ავტომობილით გაანგრიეს და ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე ამ გზით შეიჭრნენ. რკინის ზღუდე მათ რამდენიმე ადგილას გაარღვიეს.

ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრილი მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და ისმოდა სროლის ხმაც. თუმცა სხვა ცნობებით, ძალოვნები მომიტინგეებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ.

ასევე ნახეთ: ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ მათი ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების დღეს აღნიშნავენ

აქციის მონაწილეები სოხუმისა და მოსკოვის საინვესტიციო ხელშეკრულების საბოლოოდ ჩაგდებას მოითხოვენ. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მიტინგს ხალხი ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა რაიონიდან უერთდება. ხალხმა ალყაში მოაქცია ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სადავო ხელშეკრულებას ეკონომიკის სტიმულირების საშუალებად წარმოაჩენდა, ხოლო ოპონენტებისთვის ეს დე ფაქტო სახელმწიფოს ინტერესების დათმობის ტოლფასია.

ამ ხელშეკრულებით რუს ინვესტორებს მიენიჭებათ მრავალი სახის პრივილეგია, მათ შორის საგადასახადო შეღავათები და შესაძლებლობა, რომ აფხაზეთის მიწაც ჩაიგდონ ხელში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს.

მიტინგზე ოპოზიციამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქცია რუსეთის წინააღმდეგ არაა მიმართული „მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ. პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ვუსვამდით ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას. თუმცა ასლან ბჟანია, მთელი მმართველობის დროს, ამ ურთიერთობების გამოყენებას საკუთარი ანგარებიანი ინტერესებისთვის ცდილობდა.

ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ასეთმა რიტორიკამ და აშკარა ტყუილებმა, რასაც ასლან ბჟანია ურცხვად მიმართავს, შესაძლოა იმოქმედოს არა ურთიერთობებზე რუსეთთან, არამედ - აფხაზეთის შიდა სიტუაციაზე. ასეთ მანიპულაციებს მხოლოდ ნეგატიური შედეგი ჰქონდა, რაც დარტყმა იყო, პირველ რიგში, თავად ბჟანიაზე და არა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებზე. დღეს მომიტინგეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ არა იმისთვის, რომ გამოვიდნენ მოკავშირეების წინააღმდეგ, არამედ - აფხაზეთის ნაციონალური ინტერესების, ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის დასაცავად, რომლის უზურპაციასაც ცდილობდა ბჟანია, თავისი პირადი სარგებლისთვის“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ტელეგრამ-არხი “რესპუბლიკა” [RESPUBLICA] ავრცელებს.

ასევე ნახეთ: გაგრელი, რომელიც ქართველმა ექიმებმა ფეხზე დააყენეს, ოკუპირებულ აფხაზეთში „ჯაშუშად“ გამოაცხადეს

ათზე მეტი ოპოზიციონერის მიერ ხელმოწერილი განცხადების ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ აფხაზეთის ხალხს ყოველთვის ჰქონდა ერთი მთავარი მოთხოვნა: "მოქალაქეთა ინტერესების დაცვა“, მაგრამ ეს არც „პრეზიდენტმა“ და არც „პარლამენტის თავმჯდომარემ“ არ გაითვალისწინეს.

განცხადებაში ხაზგასმულია ასევე, რომ „ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები" მხარს უჭერდნენ მომიტინგეებს, რაც „აფხაზური საზოგადოების ერთიანობის კიდევ ერთი დასტურია, როცა საქმე ეროვნული ინტერესების დაცვას შეეხება“ და რომ ხალხს „სამართლიანობის საკითხი და სამშობლოს დაცვა“ აერთიანებს.

„ჩვენ ვართ ოლიგარქების წინააღმდეგ! მათ არც რუსეთში და არც აფხაზეთში არ გააჩნიათ სამშობლო და ღირსება! აქ ჩვენ ბოლომდე ვიდგებით“, - განაცხადა მიტინგზე ოპოზიციური პარტია „სახალხო ერთიანობის ფორუმის“ თავმჯდომარემ, ასლან ბარციცმა. ის აქტიურად აპროტესტებდა „აგენტების კანონის“ დამტკიცებასაც.

აფხაზურ სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ, რომ ხალხის უარყოფითი რეაქციები მოსკოვის წინააღმდეგ არ არის მიმართული. იქ გამოქვეყნებული გზავნილების მიხედვით, მოსახლეობა ყველაფერს დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, აბრალებს.

“ხალხი სკანდირებს - “რუსეთი! რუსეთი!”, აფრიალებს რუსეთის დროშებს, გამომსვლელები მხარს უჭერენ აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობებს”, - აფხაზი ემიგრანტის ტექსტს ტელეგრამ-არხი “რესპუბლიკა” [RESPUBLICA] ავრცელებს. ტესტის თანახმად, ბჟანიას ანტირუსული ბანქოს გათამაშების უკანასკნელი კოზირი ჩაუვარდა - რადგან ხალხი არა რუსეთს, არამედ მას უპირისპირდება.