პოლონეთი აცხადებს, რომ ის აღმოსავლელ მეზობელ ბელარუსთან საზღვარზე ღობის შენებას იწყებს, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩეროს. ევროპული სახელმწიფოების ლიდერები მიიჩნევენ, რომ მიგრანტების დინებას ლუკაშენკოს რეჟიმი უწყობს ხელს, რათა დასავლეთი მის წინააღმდეგ მიღებული სანქციებისა და მისი, როგორც არალეგიტიმურ ლიდერად აღიარების გამო დასაჯოს.
"ბელარუსთან საზღვარზე ახალი, 2.5 მეტრის სიმაღლის მტკიცე ღობე აშენდება. ჯარისკაცები საზღვრის მცველებს დაეხმარებიან. მალევე წარმოვადგენ უფრო მეტ დეტალს იმის შესახებ, თუ როგორ ჩაერთვება პოლონეთის შეიარაღებული ძალები", - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა.
ამ ცნობებისა და განცხადების პარალელურად ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ბელარუსის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ეს უკანასკნელი მათი შეფასებით, ევროკავშირისკენ მიმავალ ლტოლვილებს საზღვრების უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარება.
ისინი მინსკის ქმედებებს "ჰიბრიდულ თავდასხმას უწოდებენ. ბოლო თვეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და არა მხოლოდ, ბელარუსის გავლით, ლიეტუვის და სხვა მეზობელი ევროპული სახელმწიფოების საზღვარი მიგრანტთა მზარდმა რაოდენობამ გადაკვეთა. პოლონეთი აცხადებს, რომ მან ასობით შეიარაღებული სამხედრო ბელარუსის საზღვრის უკეთ დასაცავად ადგილზე უკვე განალაგა. ლიეტუვა ამბობს, რომ 508 კილომეტრი სიგრძის სასაზღვრო ღობის მშენებლობა ბელარუსთან 2022 წელს დასრულდება. ლუკაშენკო ბრალდებებს უარყოფს, თუმცა "რეინეარის" თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ დასავლეთის მკაცრ რეაგირებაზე პასუხად, ლუკაშენკომ თქვა, რომ ევროპისკენ მიმავალ მიგრანტებს "აღარ შეაკავებდა". ლიეტუვა კი მინსკს არა თუ "შეუკავებლობაში", არამედ მათ ორგანიზებულ გადაყვანა-დახმარებაში სდებს ბრალს.
თუმცა მეორე მხრივ, ადამიანის უფლებადამცველები პოლონეთის ხელისუფლებას მიგრანტებთან მოპყრობის და ქვეყანაში მათი შეშვების დაყოვნების გამოც აკრიტიკებენ. ვარშავა კი ამბობს, რომ მიგრანტთა ქვეყანაში შეშვება უკანონო იმიგრაციას წაახალისებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს ადამიანები არა ლტოლვილები, არამედ ეკონომიკური მიგრანტები არიან, რომლებიც საზღვართან ბელარუსის ხელისუფლებამ მიიყვანა და ეს მხოლოდ ამ უკანასკნელს აძლევს ხელს.
დასავლეთის სახელმწიფოები 2020 წლის აგვისტოში ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკანონოდ მიიჩნევენ და ხელისუფლებას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ისევე, როგორც პოლონეთს, ბელარუსიდან გაქცეული არაერთი პოლიტიკოსი თუ აქტივისტი აფარებს თავს.